საქართველოს ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის ვიზიტის მიზანია, საქართველოში 2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყანაში არსებული გარემოს შეფასება.
დელეგაციას შეხვედრები ხელისუფლებასთან, საარჩევნო კანდიდატებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, საარჩევნო ადმინისტრაციის, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან აქვს დაგეგმილი. რომლის საფუძველზე არჩევნებისთვის მზადების პროცესს, წინასაარჩევნო პროცესში აქტიურად ჩართული ძირითადი სუბიექტების პოლიტიკურ აქტივობებსა და ზოგადად საარჩევნო გარემოს შეაფასებს.
დელეგეციაში შედიან: მისურის შტატის მდივანი (შტატში არჩევნებზე პასუხისმგებელი არჩეული თანამდებობის პირი) რობინ კარნაჰანი; წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი და საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი სემ გეჯდენსონი; საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი (2006-2010) პერ ეკლუნდი, რომელიც ამჟამად სტოკჰოლმში უსაფრთხოებისა და განვითარების კვლევის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარია; NDI-ის პრეზიდენტი კენეთ ვოლაკი და NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო.
29 ივნისს, მუშაობის დასრულების შემდეგ, NDI-ის დელეგაცია ანგარიშის სახით წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ძირითად დასკვნებს პრესკონფერენციაზე გამოაქვეყნებს. ანგარიშის გამოქვეყნებამდე დელეგაცია კომენტარს არ გააკეთებს.
ცნობისთვის, NDI არის არამომგებიანი, მიუკერძოებელი ორგანიზაცია, რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოქალაქეების აქტიური მონაწილეობის, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულობის ხელშეწყობით მუშაობს დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისა და განმტკიცებისათვის მსოფლიოში.