შინაგან საქმეთა სამინისტრო კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის, პაატა ქინქლაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მის მიმართ გამოძიება ხულიგნობის ფაქტზე დაიწყო, თელავის რაიონულმა სასამართლომ კი მას 25 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.
განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ 2012 წლის 24 ივნისს შსს ახმეტის რაიონულ სამმართველოში, პაატა სუხიშვილის განცხადების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, ხულიგნობის ფაქტზე, სამართალდარღვევა გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იქნა შემდეგი:
2012 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 08 საათსა და 30 წუთზე, ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში მცხოვრები, ახმეტის მუნიციპალიტეტის ქისტაურის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი პაატა სუხიშვილი, კუთვნილი BMW-ს მარკის ავტომანქანით, დედასთან, მედეა სუხიშვილთან ერთად იმყოფებოდა ქ. ახმეტის ბაზართან, სადაც მათ ავტოსადგომის მუშაკის მითითებით ავტომანქანა გააჩარეს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ „ქართული ოცნების" ოფისის წინ, თვითონ კი შევიდნენ ბაზარში. ბაზრიდან გამოსვლის შემდეგ მათთან, კუთვნილი ავტომანქანით, მივიდა „ქართული ოცნების" ახმეტის ოფისის ხელმძღვანელი ზაქარია ქინქლაძე, (აღნიშნული პიროვნება 2006 წლის 13 თებერვალს დაპატიმრებულია თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენის საფუძველზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე. საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1 ნაწილით და მოგვიანებით გათავისუფლდა საპროცესო შეთანხმებით) და პ.სუხიშვილს დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რასაც დაახლოებით 40-მდე თვითმხილველი შეესწრო.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიკითხა პაატა სუხიშვილი, მისი დედა მედეა სუხიშვილი, ასევე შემთხვევის შემსწრე ტრისტან ბერძენიშვილი, რომლებმაც დაადასტურეს ზემოაღნიშნული ფაქტი.
ასევე დაიკითხა ავტოსადგომის მუშაკი ზურაბ მაისურაძე, რომელმაც დაადასტურა შეკამათების ფაქტი.
24 ივნისს თელავის რაიონულმა სასამართლომ ზაქარია ქინქლაძეს მიუსაჯა 25 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.