კოალიცია „ქართული ოცნება“ დღეიდან საარჩევნო სიების დაზუსტების მიზნით „კარდაკარს“ იწყებს.ამის შესახებ კოალიციის პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
ფანჯიკიძის განცხადებით, "კარდაკარი" მთელი საქართველოს მასშტაბით 63 ოლქში ერთდროულად დაიწყება და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება".
ხმის გადამოწმების პროცესში კოალიციის 10 ათასამდე აქტივისტი ჩართვება. ისინი შემოსილი იქნებიან კოალიცია "ქართული ოცნების" ლოგოთი გამოსახული მაისურებით და მაიდენტიფიცირებელი სამკერდეები ექნებათ.
"კარდაკარი" ორი კვირის განმავლობაში ჩატარდება და აქტივისტები გამოკითხვას დილის 10:00-დან 22:00 საათამდე აწარმოებენ.
"კარდაკარის” მიზანია, ხმის უფლების მქონე პირების ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება და საზღვარგარეთ მყოფი პირების აღწერა. ასევე, მოწყვლადი ჯგუფების გამოვლენა, რომელშიც ის ადამიანები იგულისხმებიან, რომლებიც თანამდებობრივად თუ პროფესიულად ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებული და ხელისუფლება საარჩევნოდ მათ გამოყენებას ცდილობს, ანუ საუბარია ადმინისტრაციულ რესურსზე. "კარდაკარის" მიზანი ასევე მოსალოდნელი აქტივობის დადგენაა, ანუ სავარაუდოდ, რამდენი ადამიანი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. „კარდაკარით“ გავზომავთ განწყობასაც. ასევე შევამოწმებთ დუბლირებულ მისამართებს, რადგან საქართველოში ქუჩებისთვის სახელწოდებების შეცვლა ძალიან სწრაფად მიმდინარეობს", - განაცხადა "ქართული ოცნების" ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა.