ხუციშვილი: ინციდენტი, რომელიც კონფლიქტის ზონაში ხდება ადვილია ტერორისტულ აქტად მონათლო და მეორე მხარე დაადანაშაულო

ხუციშვილი: ინციდენტი, რომელიც კონფლიქტის ზონაში ხდება ადვილია ტერორისტულ აქტად მონათლო და მეორე მხარე დაადანაშაულო

კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ, საქართველოს  ტერორიზმში დადანაშაულებას იმას უკავშირებს, რომ აფხაზები და ოსები, არ აძლევენ  საშუალებას ევროპის მონიტორინგის მისიას  გალის ტერიტორიაზე შევიდნენ და გამოძიება ჩაატარონ.

„მათ თვითონ დაეხმარებოდათ იქ მონიტორინგის მისიის დაშვება,  მაგრამ ვინაიდან თავიდანვე ლავროვმა, პუტინმა და მედვედევმა გადაწყვიტეს, რომ არ შეუშვან და არანაირი ინფორმაცია არ უნდა ჰქონდეთ ევროპელებს იმაზე, თუ რა ხდება გალის რაიონში, ნებისმიერი ინციდენტი, რომელიც ხდება,  ადვილია ტერორისტულ აქტად მონათლო და მეორე მხარე დაადანაშაულო“, - განაცხადა ხუციშვილმა.

ხუციშვილის განცხადებით, სინამდვილეში,  არის თუ არა ამაში საქართველოს ბრალეულობა, ჰქონდა თუ არა ადგილი ტერორისტულ ქმედებას, ამის გარკვევა კონფლიქტის ზონაში ნეიტრალური მხარის შეშვების გარეშე შეუძლებელია.

„ეს არის ფაქტი და ფაქტი ტერორისტული აქტი არაა.  ესენი კი, უკვე  ტერორისტულ აქტებზე საუბრობენ. ჰქონიათ, რომ ტერორისტული აქტებია? მაშინ  შეუშვან ევროპული მონიტორინგის მისია და  ამ შემთხვევაში,  ეს გამოკვლეული იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი არგუმენტები საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც მიმართავენ დამარწმუნებელი  ვერ აღმოჩნდება“, - განაცხადა ხუციშვილმა.

კონფლიქტოლოგი ამ ყოველივეს წინასაარჩევნო სიტუაციას უკავშირებს და აცხადებს, რომ ისინი ცდილობენ დაზღვეულნი იყვნენ, რათა საქართველოში არჩევნების დღეს ან მის შემდეგ სიტუაცია, რომ დაიძაბოს, მოსახლეობის მიმართ შემზღუდავი ღონისძიებები  ჩაატარონ,  უფრო მეტი კონტროლი დაამყარონ და რუსის ჯარი შეიყვანონ.

„ ამისთვის სჭირდებათ საუბარი, რომ საქართველო ტერორისტულ აქტებს ახორციელებსო“, - განაცხადა ხუციშვილმა.

მისი თქმით, თუ ამაში ხელისუფლება ბრალეულობას ვერ ხედავს, აუცილებელია ეს უარყონ და  მიმართონ განცხადებით, რომ ეს ინციდენტები გამოიკვლიონ.

„იქნებ, იქ რაღაც დაჯგუფება მუშაობს, რომელიც შემდეგ,  ქართულ მხარეს ბრალდება. ამაში დაგვეხმარებოდა ეუთოს თუ გაეროს მისია. ყველაფერი  აკრძალული აქვთ, ყველა გამოყარეს  და ყველაფერს ცალმხრივ კვალიფიკაციას აძლევენ. ასე კონფლიქტის ზონაში არ ხდება“, - განაცხადა ხუციშვილმა.

ცნობისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა საქართველოს ტერორიზმში ადანაშაულებს. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ  მოუწოდა შეერთებულ შტატებს, გაეროსა და ეუთოს, ზეწოლა მოახდინონ საქართველოზე, რათა მან ბოლო მოუღოს „ტერორისტულ ქმედებებს“ გალის რაიონში. სამინისტროს განცხადებით, გალის რაიონში „ტერაქტების სტატისტიკა მოწმობს იმაზე, რომ საქართველო ახორციელებს მიზანმიმართულ კამპანიას აფხაზეთის ამ რაიონის მოსახლეთა დასაშინებლად“. დე ფაქტო საგარეო უწყება ქართულ მხარეს აკისრებს პასუხისმგებლობას გალის რაიონში „დაძაბულობის გამწვავებაზე“ და ჟენევის დისკუსიების დანარჩენ მონაწილეებს მოუწოდებს, რომ „ტერორისტული ქმედებები“ შეაწყვეტინონ საქართველოს.