"ახალი მემარჯვენეები" ხელისუფლებას მწვანე კონცხის პრობლემების უგულებელყოფაში ადანაშაულებს

პოლიტიკური პარტია "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენლების თქმით, "მწვანე კონცხის პრობლემები ადგილობრივ ხელისუფლებას არ აინტერესებს“. ამის შესახებ პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ჯუმბერ მიქელაძემ განაცხადა.

„ახალი მემარჯვენეების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ მწვანე კონცხზე ჟურნალისტები მიიწვიეს და ყოფილი მეოთხე სამმართველოს სანატორიუმის დანგრეული შენობა დაათვალიერებინეს რომელიც დღეს ნაგავსაყრელად გამოიყენება. 

"დღეს პრაქტიკულად, ორი ბათუმია. ერთი ცენტრალური ნაწილი, რომელსაც ხელისუფლება თავს დასტრიალებს და უვლის, მეორე - მწვანე კონცხის მსგავსი უბნები, რომელიც არავის აინტერესებს. მას არც მოსასვლელი გზა აქვს, არც წყალი, არც დასუფთავება" - განაცხადა მიქელაძემ. 

აქვე "ახალი მემარჯვენეების" ხელვაჩაურის რაიონის თავმჯდომარემ, თემურ ქიძინიძემაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ რაიონის სოფლების ნაწილს ქალაქს უერთებენ, თუმცა „ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად არაფერი კეთდება“.