კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულობების კანონიერების შემოწმებას იწყებს. ამის შესახებ შესაბამისი უწყების მიერ დღეს გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს პროცესი სხვა ღონისძიებებთან ერთად გამოკითხვის პროცედურასაც ითვალისწინებს.
განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:
"პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გამოაქვეყნა პოლიტიკურ გაერთიანებათა სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებების შესახებ ინფორმაცია.
ფინანსური მონიტორინგის სამსახური კანონით დადგენილი მანდატის ფარგლებში ამოწმებს შემოწირულებათა კანონიერებას. მონიტორინგის პროცესში I ეტაპზე გამოვლინდა შემოწირულებათა გარკვეული კატეგორია, რომელთა დასაბუთებულობა დამატებით გამოკვლევას საჭიროებს.
აღნიშნულ გარემოებათა შესწავლისა და შეფასების მიზნით, ფინანსური მონიტორინგის სამსახური განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, მათ შორის, გამოკითხვის პროცედურას“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.