„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ბრალდებას ფარმაცევტული ბაზრის  მონოპოლიზაციის შესახებ კომპანიები უარყოფენ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ბრალდებას ფარმაცევტული ბაზრის მონოპოლიზაციის შესახებ კომპანიები უარყოფენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი მონოპოლიზებულია.  ამის შესახებ ორგანიზაციამ სპეციალური კვლევა მოამზადა, რომლის პრეზენტაცია გუშინ შედგა.

ანგარიშის თანახმად, ფარმაცევტულ ბაზარზე სამი დიდი კომპანია -,  პე-ეს-პე“„ავერსი“  და „ჯი პი სი“ დომინირებს, რომლებიც იმპორტის, დისტრიბუციის, საცალო ვაჭრობისა და წარმოების სექტორს აკონტროლებენ და აღნიშნულია, რომ საქართველოში მედიკამენტებზე ფასნამატი ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე გაცილებით მაღალია. 

„მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა კომპანიებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოში ფარმაცევტული სექტორის განვითარებაში, ბაზარზე მათმა დომინირებამ მედიკამენტებზე მაღალი ფასნამატი გამოიწვია, რაც თავის მხრივ, ფარმაცევტულ პროდუქციაზე მოსახლეობის დანახარჯების ზრდას იწვევს“ - აღნიშნულია ანგარიშში.

კვლევაში ორგანიზაცია მედიცინის მუშაკებს მედიკამენტების მოტივირებულად დიდი რაოდენობით გამოწერაშიც ადანაშაულებს, რასაც ფინანსური შეთავაზებას უკავშირებს.

„არის შემთხვევები, როდესაც დიდი ფარმაცევტული ქსელები თავიანთი აფთიაქის თანამშრომლებს აძლევენ მითითებას, ამ კომპანიის წარმოებული მედიკამენტები გაყიდონ. სააგენტოს, რომელიც მედიკამენტების ხარისხის კონტროლზეა პასუხისმგებელი, თავისი როლის ეფექტურად შესრულებისთვის საჭირო რესურსები არ აქვს“, - ნათქვამია კვლევაში.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უნდა შეისწავლოს ფარმაცევტული ბაზრის დომინანტი კომპანიების ქმედებები, ხოლო სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა აღნიშნული სექტორი გამოიკვლიოს და ამომწურავი მონაცემები გამოაქვეყნოს. 

„მოსახლეობის მიერ ფარმაცევტულ პროდუქციაზე გაწეული ხარჯი შესაძლოა შემცირდეს აუცილებელი მედიკამენტების სიის შემოღებით, გენერიკების გამოყენების წახალისებისა და მედიკამენტების დანიშვნის შესაბამისი წესების სათანადოდ აღსრულების გზით“, - ნათქვამია კვლევაში.

ამ კვლევის საპასუხოდ, პე ეს პეს“ დრიექტორმა გოჩა გოგილაშვილმა, “ჯი პი სის“ საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და ერთ-ერთმა აქციონერმა დავით გორდაძემ და “ავერსის“ დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართეს, სადაც აღნიშნეს, რომ ისინი არ ეთანხმებიან აღნიშნული კვლევის შედეგებს და იმ ფაქტს, რომ მათ შორის რაიმე ფარული გარიგება და შეთანხმება არსებობს.

„ჩვენ შორის ჯანსაღი კონკურენციაა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს მტრად მოვეკიდოთ და იარაღი მივუშვიროთ. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ფარმაცევტული ბაზრის შესახებ კი ძალიან გაბერილია და სინამდვილეს არ შეესაბამება“, - აღნიშნა კურტანიძემ.

ამასთან, ზემოთ აღნიშნული კომპანიები არ ეთანხმებიან ორგანიზაციის დასკვნას, მოგების მაღალ მარჟასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ისინი აცხადებენ, რომ კვლევაში დაშვებულია ისეთი ფაქტობრივი შეცდომები როგორიცაა ბაზარზე მათი წილის მოცულობა ან აფთიაქების ქსელის რაოდენობა. 

მისივე თქმით, ორგანიზაციას აღნიშნული უზუსტობების თავიდან ასაცილებლად ინფორმაცია მათთან უნდა გადაემოწმებინა.

„თუმცა, კვლევის მომზადების პროცესში ჩვენ არავინ დაგვკავშირებია“, - აღნიშნა კურტანიძემ.