არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე პატიმრებისათვის საპატიმროებში ინფორმაციის მიღების შეზღუდვაზე საუბრობს.
როგორც კაკაბაძე აცხადებს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრი და ამ უწყებებში დასაქმებული კონკრეტული პირები პატიმართა უფლებების დაცვას ვერ უზრუნველყოფენ.
„პატიმრებს ინფორმაციის მიღებას უზღუდავენ. არა მარტო ჩვენი კანონმდებლობით, არამედ საერთაშორისო სტანდარტებითაც განსაზღვრულია, რომ პატიმარი ინფორმაციის მიღებაში შეზღუდული არ უნდა იყოს. მას მართალია, თავისუფლება შეზღუდული აქვს, თუმცა ამაში ინფორმაციის მიღების შეზღუდვა არ შედის. მაგალითად რადიო, რომელიც საპატიმროებში თითქოსდა დაშვებულია, ეს აბსოლუტურად ფორმალური დაშვებაა, რადგან გათავისუფლებული პატიმრები ამბობენ, რომ რადიოს მოსასმენად მასზე ყურის დადება სჭირდებოდათ, რადგან არანაირი ხმა არ ისმოდაო“, - განაცხადა კაკაბაძემ და პატიმრის მონათხრობიდან აღნიშნა, რომ „ამ შემთხევაშიც კი, როგორც კი, ზედამხედველები შემოიხედავდნენ და შეგვხედავდნენ, რომ რადიოს ყურდადებულნი ვუსმენდით სასტიკად გვისწორდებოდნენ. მიზეზი კი, რადიოს ხმამაღალი ჟღერადობა იყოო“.
კაკაბაძის განცხადებით, „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ პატიმრების უფლებების დაცვას ცდილობს და ამ მხრივ, ახალ ნაბიჯებს დგამს.
„გქონდა საუბარი სამხრეთ კავკასიის უფლებადამცველებთან. მათ საქართველოს საპატიმროებში შექმნილ პრობლემებზე ვესაუბრეთ და ფაქტიურად, აღმოჩნდა რომ ციხეებთან დაკავშირებით, მათთან გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა ვიდრე საქართველოში. გამოსავლად ჩავთვალეთ, რომ იქნებ შევქმნათ ერთიანი კავკასიური კოალიცია, რომელიც ერთის მხრივ, მონიტორინგს და შედარებით ანალიზს გააკეთებს რა ხდება კავკასიაში და გამოაჩენს, რომ საქართველოში მართლაც, უმძიმესი მდგომარეობაა აზერბაიჯანთან და სომხეთთან შედარებით“, - განაცხადა კაკაბაძემ.
კაკაბაძის განცხადებით, ქვეყნის შიგნით მომუშავე არასამთვრობო ორგანიზაციები ცდილობენ ყველას დაანახონ ჩვენი ქვეყნის საპატიმროებში არსებული რეალობა.
„და უკვე მხოლოდ ქართული არასამთავრობოები კი არ ისაუბრებენ ამ პრობლემებზე, არამედ, ჩვენი მეზობელი ქვეყნების უფლებადამცველები იტყვიან, აქ რა ხდება“, - განაცხადა კაკაბაძემ.
მისი თქმით, ეცადნენ პოლიტპატიმრებისთვის, რაღაც ახალი დახმარების ფორმები გამოენახათ და აღნიშნავს, რომ ამასთან დაკავშირებით 25-26 -ში ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.
„ასევე ვაპირებთ ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მომუშავე კავკასიის საერთო მომხსენებელი მოვიწვიოთ საქართველოში, რათა თავისი თვალით ნახოს სიტუაცია და თქვას რეალურად, არიან თუ არა ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები. გვინდა როგორმე ადგილობრივ არასამთავრობოებს ხელი შეგვიწყონ მათი უფლებებს დასაცავად, რათა მოქალაქეების პოლიტიკური დევნა დასრულდეს და ადამიანს განსხვავებული აზრის მიღების, მოსმენის თუ გამოხატვის საშუალება მიეცეს“, - განაცხადა კაკაბაძემ.
კაკაბაძის განცხადებითვე, ისინი აუცილებლად მოითხოვენ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრის ხათუნა კალმახელიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, თუმცა აღნიშნავს, რომ კალმახელიძე კი არა, პენიტენციურ სისტემას, ხელისუფლების პოლიტიკური ნება მართავს.
„კალმახელიძე იქნება, შაშკინი თუ ახალაია არაფერი იცვლება. პირიქით. უარესობისკენ მიდის. როგორ შეიძლება შაშკინის დროს, უკეთესი მდგომარეობა ყოფილიყო, მაგრამ ფაქტია რომ ასეა. კალმახელიძე ბუტაფორია, ფასადია და მის უკან ხელისუფლების პოლიტიკური ნება დგას. აი, ესაა მთავარი და ესაა შესაცვლელი“, - განაცხადა კალმახელიძემ და დასძინა, რომ „ვინც არ უნდა იყოს სისტემის ხელმძღვანელი, თუ პოლიტიკური ნება არ შეიცვლება შედეგი უკეთესობისკენ არ გვექნება“.