ნუგზარ წიკლაური: აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის  განცხადებების არგუმენტირებულობის არავის  სჯერა

ნუგზარ წიკლაური: აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის განცხადებების არგუმენტირებულობის არავის სჯერა

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ, საქართველოს  ტერორიზმში დადანაშაულებას პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას და ზოგადად „ქართული ოცნების“ კონფლიქტისპირა ზოლში ბანდფორმირებებზე გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს.

წიკლაურის თქმით, აფხაზეთის ე.წ. მთავრობის განცხადებები უკვე  ალასანიას განცხადებებს ეყრდნობა,  ამიტომ ის  ყველა ქართველ პოლიტიკოს მოუწოდებს გაცილებით მაღალი პასუხისმგებლობით იფიქრონ იმაზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს მათ ნათქვამს.

„ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მაღალჩინოსნები და ეწ. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, რომლებიც სინამდვილეში რუსეთის ხელისუფლების გაგრძელება არიან,  ქართულ მხარეს  სხვადასხვა ტერორისტული ბაზების თუ ტერორისტების მომზადებაში ადანაშაულებს. არასდროს  ეს განცხადებები ფაქტებით და არგუმენტებით არ ყოფილა  გამყარებული. ახლა, უკვე აფხაზური მხარის განცხადებები  ირაკლი ალასანიას  უპასუხისმგებლო და ანტიქართული განცხადებითაა განპირობებული, რომ თითქოსდა კონფლიქტისპირა ზოლში  რაღაც დაჯგუფებები არსებობს“, - განაცხადა წიკლაურმა.

წიკლაურს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, ირაკლი ალასანიამ და „ქართულმა ოცნებამ“ მოწინააღმდეგის წისქვილზე   დაასხა წყალი.

„მათ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ,  ყოვლად დაუსაბუთებელი ბრალდებებით, ხელში გარკვეული კოზირი მისცა ჩვენს მოწინააღმდეგებეებს, რათა საქართველოს იმიჯი მთელ მსოფლიოში შელახოს, თუმცა ამის მიღწევა მაინც შეუძლებელი იქნება“,- განაცხადა წიკლაურმა და აღნიშნა, რომ ნებისმიერმა პოლიტიკოსმა თავისი ინტერესი და ვიწრო პოლიტიკური ინტერესი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა  არ უნდა დააყენოს.

„ასე ხდება „ქართული ოცნების“ და კონკრეტულად, ირაკლი ალასანიას შემთხვევაში, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზარალებს“, - განაცხადა წიკლაურმა.

შეკითხვის პასუხად, რომ აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე ავრცელებს იმ ადამიანთა სიას და ტერაქტების ჩამონათვალს, რომელიც მათი თქმით, ქართული მხარის მიერ, მიზანმიმართულად მომზადდა, არის თუ არა არგუმენტი მათი განცხადების სისწორისა, აცხადებს, რომ დღევანდელ აფხაზეთის ტერიტორიაზე, კრიმინალური სიტუაცია ძალიან მძიმეა, რადგან იქ საოკუპაციო რეჟიმია და  ქართველ სამართალდამცველებს შესვლისა და  ვითარების გაკონტროლების შესაძლებლობა არ აქვთ.

„სწორედ ამიტომ ვეუბნებით, რომ თუ მათ თვითონ არ აქვთ შესაძლებლობა გააკონტროლონ ეს ვითარება,  საქართველო მზადაა დამკვირებლების მრავალეროვანი მისია მიიღოს ამ ტერიტორიაზე.  ჩვენ ვიცით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე სრულიად საპირისპიროს აკეთებენ.  ეუთოს მისიას შეუწყვიტეს მანდატი, საერთაშორისო ჩართულობა ამ რეგიონში მინიმუმამდე დაიყვანეს.  ეს  სწორედ,  აფხაზეთის ე.წ. მთავრობის და რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა წიკლაურმა.

რაც შეეხება, როგორი შეიძლება იყოს საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიცია საქართველოსადმი აფხაზური მხარის ამ ბრალდებაზე და რამდენად დამაჯერებელი აღმოჩნდება მათთვის აფხაზეთის ე.წ. მთავრობის არგუმენტები, წიკლაური აცხადებს, რომ მათი არგუმენტები დამარწმუნებელი ვერანაირად ვერ აღმოჩნდება, რადგან ეს რუსეთის ხელისუფლების მიერ, ოკუპირებული ტერიტორიაა, რაც  აშშ-ის კონგრესმა და  ევროპის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებმა აღიარეს.

„მათ  ცხადად თქვეს, რომ ეს  ოკუპირებული ტერიტორიაა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე თვითონ ოკუპანტებს  აქვთ ვალდებულება ეს ვითარება გააკონტროლონ, ხოლო თუ ვერ აკონტროლებენ, ჩვენ მოვუწოდებთ მათ, რომ იგივე აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ინგლისის  საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირებლო მისიები შევიდნენ ამ ტერიტორიაზე, მაგრამ მათ ეს არ სურთ. სინამდვილეში, მათი ამ განცხადებების მიზანი, საქართველოსთვის საერთაშორისო ასპარეზზე სახელის გატეხაა. ეს ადრეც არაერთხელ გაუკეთებიათ, მაგრამ რადგან მათ ამის არავითარი საბუთი არ აქვთ, დღეს მსოფლიოში ამ განცხადებების არგუმენტირებულობის არავის  სჯერა“, - განაცხადა წიკლაურმა.