„სახალხო კრება“ ხელისუფლების უკანონო ქმედებებს გმობს და აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. „სახალხო კრების“ მტკიცებით, სააკაშვილისა და მისი გუნდის მიზანია ნებისმიერ ფასად ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივონ.
„ის არც ადრე და მით უფრო არც ახლა, როდესაც ორიოდე თვე დარჩა საპარლამენტო არჩევნებამდე, საკუთარი მოქალაქეების დატერორებას არ ერიდება და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყნის მოსახლეობა იმ ვირტუალურ რეალობაში აცხოვროს, რომელსაც უკვე მრავალი წელია წარმატებით ქმნის საერთონაციონალური მაუწყებლობის ტელევიზიების მეშვეობით“, - ნათქვამია განცხადებაში.
„კრება“ აცხადებს, რომ რეჟიმის მხრიდან ადგილი აქვს მოქალაქეებისათვის ალტერნატიული ინფორმაციის მიღების მიზანმიმართულ შეზღუდვას, ტყუილის პროპაგანდას, მედიაზე ზეწოლას, ბიზნესის დატერორებას, უკანონო დაპატიმრებებს და უსამართლო სასამართლოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რაც არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო ხშირდება და ისედაც მძიმე საარჩევნო გარემოს უკიდურესად კრიტიკულს ხდის.
„სახალხო კრების“ განცხადებაში ნათქვამია, რომ „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ფუნქციონირების შეჩერება და ქონების დაყადაღება, კიდევ ერთხელ ადასტურებს „სახალხო კრების“ მიერ არაერთგზის გაცხადებულს, რომ ოპოზიციის კონსოლიდირებული ბრძოლის გარეშე შეუძლებელია მოქმედი რეჟიმის დამარცხება.
„უკვე წელიწადზე მეტია „სახალხო კრების“ ძვირადღირებული ქონება ხელისუფლებას აქვს გატაცებული და ამ ფაქტთან დაკავშირებით სამწუხაროდ, პრაქტიკულად არც ერთი ოპოზიციური ძალის მხრიდან ელემენტარული სოლიდარობა არ დაფიქსირებულა“, - ნათქვამია განცხადებაში.
„სახალხო კრება“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა რეალურად ოპოზიციურ ძალას მაქსიმალურად კოორდინირებული, შეთანხმებული მოქმედებებისაკენ.
„მოვუწოდებთ საზოგადოებას - ხალხს, იყვნენ კიდევ უფრო სოლიდარულნი ერთმანეთისადმი, ვინაიდან მხოლოდ ერთობითა და ოპოზიციურ ძალთა სოლიდარობითაა შესაძლებელი უსამართლო ხელისუფლების დამარცხება და ქვეყნის გამარჯვება“, - ნათქვამია „სახალხო კრების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.