„სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ხელმძღვანელისა და „კოალიცია“ქართული ოცნების“ წარმომადგენელის, ეკა ბესელიას შეფასებით, ხელისუფლება ჩიხში იყო და ყველა საკაბელო ტელევიზიაში ყველა არხის ჩართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაც ამის გამო მიიღო.
როგორც ბესელია აცხადებს, ხელისუფლება სრულიად „წინდაუხედავი და გაუმართლებელი“ ნაბიჯებით შეცდომას შეცდომაზე უშვებს და ისეთ ჩიხშია შესული, საიდანაც გამოსავალს ვერ პოულობს და აქვე აღნიშნა, რომ სწორედ ამ გამოსავლის ძებნის პროცესში მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.
„ეს გარკვეულწილად უკან დახევა იყო, მაგრამ ვერ ვიტყოდი ეს ისეთი ფორმით იყოს განხორციელებული, რომელიც კერძო კომპანიების ინტერესებს არ ხელყოფს. ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვუყურებთ რას ჩადიოდა ხელისუფლება, როდესაც კერძო კომპანიის კუთვნილ ქონებას კანონის უხეში და ყველა პროცედურის დარღვევით ეპყრობოდა, შემდეგ გაანალიზა, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი და ეს ინიციატივა გაახმოვანეს, თუმცა, არამგონია მათთვის ეს გამოსავალი იყოს “, - განაცხადა ბესელიამ.
როგორც ბესელია აცხადებს, ხელისუფლება ჯერ დგამს გარკვეულ ნაბიჯებს და შემდეგ ფიქრობს.
„როდესაც ისინი ეჯახებიან თავიანთი ქმედებებითვე გამოწვეულ ძალიან მძიმე შედეგებს, მერე იწყებენ უკან დახევას. თუმცა ეს უკან დახევა რამდენად ჯდება სამართლის ფორმებში, კანონის უზენაესობის პრინციპში ან საზოგადოების მოთხოვნას რამდენად შეესაბამება, ეს ცალკე საკითხია“, - აღნიშნავს ბესელია.
ადვოკატ ეკა ბესელია განცხადებით, გლობალ ტვ-ის ანტენების საშუალებით ინფორმაციის მიღება მოსახლეობის მოსყიდვა ვერანაირად ვერ იქნება, იმიტომ რომ მას ამ ანტენების საშუალებით ნებისმიერი არხისთვის შეუძლია თვალის მიდევნება. აქედან გამომდინარე, მისი თქმით, ხელისუფლების რეალური მიზანი არ არის საზოგადოების სრული ინფორმირება.
„ვისაც ამ ქვეყანაში ოდნავ მაინც ჭკუა მოეკითხება, გვითხრას როგორ შეიძლება ამომრჩეველი მოისყიდო თუ ის გლობალ ტვ-ის კუთნილი ანტენების საშუალებით უყურებს „მაესტროს“, „მე-9“ არხს ან იგივე „რუსთავი 2“-სა და „იმედს“, - დასძინა ბესელიამ.