"დემოკრატიული მოძრაობა" სოლიდარობას უცხადებს "გლობალ კონტაქტ კონსალტინგს". ამასთან დაკავშირებით მოძრაობამ დღეს განცხადება გაავრცელა.
"დემოკრატიული მოძრაობის" განცხადებით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლების ზეწოლა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე ყოველდღიურად მატულობს. როგორც მოსალოდნელი იყო დაიწყო კერძო ბიზნესის დატერორებაც, ამის ერთ–ერთი თვალსაჩინო მაგალითია 2012 წლის 21 ივნისს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ დაყადაღება.
„დემოკრატიული მოძრაობა“ აცხადებს, რომ ხელისუფლების მიზანია აცხოვროს ქვეყნის მოსახლეობა იმ ვირტუალურ რეალობაში, რომელსაც უკვე მრავალი წელია წარმატებით ქმნის საერთონაციონალური მაუწყებლობის ტელევიზიების მეშვეობით . არსებული რეჟიმი უკვე დაუფარავად, პირდაპირი ტერორის გზით უზღუდავს საქართველოს მოქალაქეებს ალტერნატიული ინფორმაციის მიღების საშუალებას.
„გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ფუნქციონირების შეჩერება და ქონების დაყადაღება, რასაც სავარაუდოდ სატელიტური ანტენების და რესივერების კონფისკაცია მოყვება, კიდევ ერთხელ ადასტურებს „დემოკრატიული მოძრაობის“, რომ ოპოზიციის კონსოლიდირებული ბრძოლის გარეშე შეუძლებელია მოქმედი რეჟიმის დამარცხება. „დაუშვებელია ოპოზიციის მხრიდან „სხვისი ჭირის – ღობეს ჩხირის“ პრინციპით მოქმედება. უკვე წელიწადზე მეტია „სახალხო კრების“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ ძვირადღირებული ქონება ხელისუფლებას აქვს გატაცებული და ამ ფაქტთან დაკავშირებით პრაქტიკულად არც ერთი ოპოზიციური ძალის მხრიდან ელემენტარული სოლიდარობა არ დაფიქსირებულა. სწორედ ამის შედეგია ხელისუფლების გათამამება და კიდევ უფრო მეტი სადამსჯელო ღონისძიებები“,- ნათქვამია განცხადებაში