,,42-ე მუხლი

,,42-ე მუხლი" ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42–ე მუხლი“ შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ირგვლივ განთარებულ მოვლენებს ეხმიანება და მოუწოდებს ხელისუფლებას დაიცვას საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით უზრუნვეყოფილი სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება.

მედიის როლი უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისათვის, რაც განსაკუთრებით იზრდება წინასაარჩევნო პერიოდში. ამასთანავე, საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება მედიის უფლებაცაა და ვალდებულებაც. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მედიის თავისუფლება მათი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.

უფრო მეტიც, სახელმწიფომ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს მედიის ცენზურისას ან მათი საქმიანობისათვის სხვაგვარად ხელშეშლის დროს. კერძოდ, მედია საშუალების დახურვა უნდა იქნას გამოყენებული, როგორც უკიდურესი ღონისძიება და უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აშკარაა, რომ მისი არსებობა საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ინტერესებს, სახელმწიფოს უშიშროებასა და კონსტიტუციურ წყობას.

,,42–ე მუხლი“ მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ყველა ქმედება, რომელიც მიმართულია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისაკენ უნდა იყოს გამჭვირვალე, ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაში ბრალდება ეფექტურად და ობიექტურად უნდა იქნას გამოძიებული, იმ მიზნით, რომ დაცული იყოს ერთი მხრივ, მედიის უფლება გაავრცელოს ინფორმაცია და მეორე მხრივ, საზოგადოების უფლება მიიღოს განსხვავებული ინფორმაცია სხვადასხვა წყაროების მეშვეობით.