"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მანანა კობახიძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ეკატერინე ზღულაძის განცხადების შეფასებისას, რომ „ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ კანონზე მაღლა დგას და მიზანმიმართულად კანონის და შესაბამისად, ქვეყანაში დემოკრატიის დაასუსტებას ცდილობს“ აცხადებს, რომ ეკატერინე ზღულაძე იმის გამხმოვანებელია, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ „აწყობს“.
კობახიძის განცხადებით, შსს და მმართველი პარტია ერთ ენაზე საუბრობენ და „ნაციონალური მოძრაობის“ სახელმწიფო სტრუქტურა მთლიანად შერწყმულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურასთან.
კობახიძის თქმით, ქვეყანაში რომელ სამართლიანობასა და დემოკრატიაზეა საუბარი, როცა სასამართლო გადაწყვეტილებებს ვარაუდების დონეზე, ეჭვებით და დაუსაბუთებელი მოტივით იღებს.
„ეს არის მთელი სახელისუფლებო მანქანის მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურების, სამართალდამცავი ორგანოების ამოქმედება ყველაზე სერიოზული და ყველაზე ძლიერი ოპოზიციური გაერთიანების წინააღმდეგ. მათ შეუძლიათ ნებისმიერი საბაბით აღძრან საქმე, ნებისმიერი საბაბით დაიწყონ დაჯარიმების პროცედურები, არ მოითხოვონ მტკიცებულებები, აბსოლუტურად არ დაასაბუთონ შუამდგომლობები და რა თქმა უნდა, გამოიყენონ სასამართლო ხელისუფლება კიდევ და კიდევ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. პრინციპში, 8 წელია ამას ახორციელებენ. ჩვენი ქვეყანა დემოკრატიისგან დიდი ხანია შორსაა. ხელისუფლებამ საკუთარ ინტერესებს მოარგო კანონი და კონსტიტუცია. ავტორიტარიზმი სხვა არაფერია, თუ არა ემსახუროს მთელი სახელმწიფო აპარატი მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ძალოვანი სტრუქტურები, პროკურატურა, სასამართლო მმართველი პარტიის ინტერესებს“,. - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ზღულაძე იმას ახმოვანებს, რაც ამ შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს.
„ვიცით, რომ როდესაც საუბრობს, რომელიმე კონკრეტული მინისტრი საუბრობს, „ნაც.მოძრაობა“, როცა საუბრობს მინისტრის მოადგილე საუბრობს, „ნაც.მოძრაობა“ შესაბამისად, აქ რაიმე დემოკრატიაზე საუბარი ზედმეტია“, -აცხადებს კობახიძე.
მისივე თქმით, როგორც ჩანს, ხელისუფლება არჩევნებამდე სიტუაციის დაძაბვას ცდილობს.
„ეს ამ ქმედებებში ჩანს, რასაც ყველა იმ ბიზნეს კომპანიების დატერორება და მათი საქმიანობის აკრძალვა ჰქვია, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე საკონტაქტო ურთიერთობაში აღმოჩნდება და რომელიც რაიმე მომსახურებას გაუწევს „ქართულ ოცნებას“. ესაა ზუსტად პოლიტიკური დევნა. პოლიტიკური ნიშნით დევნა ბიზნესის, იურიდიული, ფიზიკური პირების და მოქალაქეების. პრინციპში. ჩვენ უკვე საქმე ავტორიტარიზმთან გვაქვს“, - განაცხადა კობახიძემ.