სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილეები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, გაკეთებულ განცხადებას, წინასაარჩევნო პერიოდში ყველა საკაბელო ქსელის მეშვეობით ყველა სატელევიზიო არხის სავალდებულო გადაცემის თაობაზე მიესალმებიან.
კამპანიის მონაწილეების განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ეხმიანება კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას ე.წ. „must carry“-სა და „must offer“-ის პრინციპების გატარებასთან დაკავშირებით, რაც არასამთავრობო სექტორისა და მედია ორგანიზაციების უმრავლესობის აზრით, საზოგადოებისათვის პლურალისტული ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და, შესაბამისად, ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობებს ქმნის.
„ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოთქმული ინიციატივის განხორციელება მნიშვნელოვან პოზიტიურ წვლილს შეიტანს თანაბარი წინასაარჩევნო გარემოს შექმნისა და ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის ჩამოყალიბებაში.
კამპანიის წევრები მიესალმებიან ხელისუფლების მზადყოფნას, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები წინასაარჩევნო პერიოდში ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და თანასწორი მედია გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
„ეს შენ გეხება“ იმედს გამოთქვამს, რომ გაჟღერებული ინიციატივა ადეკვატურად იქნება ასახული პარლამენტის მიერ ინიცირებულ კანონპროექტში.