"საელჩო ეცნობა მასალებს და ყურადღებით ადევნებს თვალყურს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებს. დაწვრილებით კომენტარს კი მოგვიანებით გავაკეთებთ“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, ჯონ ბასმა კაოლიცია „ქართული ოცნების“ ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„შევხვდი ბატონ ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებს. ისინი შეწუხებულები იყვნენ ბოლო დროინდელი სასამართლო საქმეებით, რომლებიც ეხებოდა მათ ზოგიერთ მხარდამჭერსა და ორგანიზაციას. კონკრეტულ ბრალდებებზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ზოგიერთი საქმე სასამართლოში ჯერ არ დასრულებულა.
თუმცა ვიტყვი, რომ აშშ-ის აზრით მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს ყველაზე კონკურენტუნარიან შესაძლო წინასაარჩევნო გარემოში და ყველაზე თავისუფალ და სამართლიანი საარჩევნო ადმინისტრაციით. ამ ყველაფერს თან უნდა ახლდეს შესაბამისი და ლეგიტიმური საერთაშორისო დამკვირვებლები.
ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ნებისმიერ ბრალდებას, ნებისმიერი მხარისგან, რომლებიც დაკავშირებულია იმ შემთხვევებთან, როდესაც წინასაარჩევნო გარემო არ არის ყველაზე კონკურენტუნარიანი. ჩვენი აზრით მთავრობებს აქვთ ლეგიტიმური უფლება და მიზეზი დააწესონ შეზღუდვები პარტიების დაფინანსებაში, რათა იყოს თანასწორი წინაარჩევნო გარემო. თუმცა ეს შეზღუდვები უნდა აღსრულდეს გამჭვირვალედ და სამართლიანად და ასევე არ უნდა იქონის პოლიტიკურ ლანდშაფტზე გავლენა და არ უნდა შეუშალოს პოლიტიკურ პროცესს ხელი,“ - განაცხადა ჯონ ბასმა.
კოალიცია ქართული ოცნების ლიდერთან დახურულ შეხვედრას, სხვა დიპლომატებთან ერთად, აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი, დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯუდიტ გოფი, ჩეხეთის ელჩი ივან იესტრჟაბი და NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ლუის ნავარო ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდგეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი მხოლოდ აშშ-ს ელჩმა ჯონ ბასმა გააკეთა.