„2 მაისიდან ქართულ კომპანიებში წილებს აღარ ვფლობ“, - ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მას ქართულ კომპანიებში წილი არ აქვს, თუმცა მისივე განმარტებით, უძრავი ქონება მის სახელზეა გაფორმებული ბაკურიანში, საჩხერესა და ურეკში.
"მე არც „ქართუ ბანკში" და არც ერთ ქართულ სხვა ორგანიზაციაში წილი აღარ მაქვს. ბოლო წილი 2 მაისს გავასხვისე და ბანკში ჩემი წილი ჩემსავე შვილს, უტას გადავეცი", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ის დაკისრებული ჯარიმების გადახდას არ აპირებს, რადგან ეს უკანონოა.
„თუმცა მაგათთვის ალბათ მნიშვნელობა არ აქვს, ჩემს გვარზე რა არის გაფორმებული. სადაც გამივლია, სადაც ვცხოვრობ, ყველაფრის დაყადაღება შეუძლიათ. მათ ფაქტები არ სჭირდებათ და მათ ქმედებებს მე ვერ განვსაზღვრავ", - განაცხადა ივანიშვილმა.
აღსრულების ბიურო დღეს "ქართუ ჯგუფისა" და "ქართუ ბანკის" მფლობელების ვინაობით დაინტერესდა და აღნიშნულ კომპანიებს დასახელებული ინფორმაციის მიწოდების მოთხოვით მიმართა.