საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, ნიკა რურუას განცხადებით, ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის შეჩერება მხოლოდ საპატრიარქოს პატივისცემის ნიშნად მოხდა, სხვა შემთხვევაში პროცესის შეწყვეტა გაუმართლებელია.
რურუას თქმით, ტაძარში ყველაფერი იმ კრიტერიუმების მიხედვით კეთდება, რასაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის მოთხოვნები ითვალისწინებს და რეკონსტრუქცია „იუნესკოს“ ექსპერტების რჩევების გათვალისწინებით დაიწყო.
„ლიფტი ბაგრატის ტაძრის ნაწილში არსებითი პრობლემა არ არის და ტაძრისთვის არც სხვა შენობა-ნაგებობების მიშენება ხდება. შეიქმნება არა მუზეუმი, არამედ საგამოფენო სივრცე, სადაც წარმოდგენილი იქნება ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნი ნივთები. იგი საჩვენებელ სივრცეში განთავსდება. ასეთი რამ უცხო არ არის და წარმოდგენილია სხვა ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთანაც“, - განაცხადა რურუამ.
მისივე თქმით, სოციალურ ქსელ facebook -ის საშუალებით, ყალბი ფოტოები გავრცელდა.
„ნამდვილი ფოტოები, თუ როგორია ბაგრატის ტაძარი, ჩვენთან პრეზენტაციაზეა წარმოდგენილი. ცრუ ფოტოების გავრცელება მიზანმიმართულად მოხდა და მისი მიზანი რესტავრაციის იდეის ჩაგდება იყო“,-განაცხადა რურუამ.
მისივე თქმით, პატრიარქის თხოვნით რეკონსტრქუცია შეჩერებულია.
„პირადად შევხვდი პატრიარქს და ამ საკითხზე ვისაუბრეთ. მან მითხრა, რომ მეგონა ჩემი ბრძანებით „იუნესკოს“ სიიდან ტაძრის ამოღება შევაჩერეო“, - განაცხადა რურუამ და დასძინა, რომ რესტავრაცია საპატარიარქოსთან შეთახმებით აუცილებლად განახლდება.
კულტურის მინისტრის განცხადებით, ტაძრის რესტავრაცია ვანო გრემელაშვილისა და ანდრეა ბრუნოს პროექტით განხორციელდება.