ეკონომიკის ექსპერტი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, ნოდარ ხადური რუსი ბიზნესმენების მიერ, სს „მადნეულისა“ და შპს „კვარციტის“ ყიდვის შეფასებისას აცხადებს, რომ რუსული ფულის ინვესტირებაში ცუდი არაფერია, თუმცა აღნიშნავს, რომ აქ საუბარი ქართულ ეკონომიკაში არა იმდენად რუსული ფულის ინვესტირებაზეა არამედ, საქართველოს ხელისუფლების ორმაგ მიდგომაზე, როდესაც ერთის მხრივ, შეიძლება ვიღაცას რუსეთში ნაშოვნი კაპიტალი საფრთხის შემცველად ჩაუთვალოს და მეორეს მხრივ, თუნდაც რუსულ სახელმწიფო კაპიტალს გზას უხსნიან და მათ თავისუფლად შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მათ შორის, სტრატეგიული ობიექტების პრივატიზაციაში და შემდეგ უკვე მართვაში.
„ამდენად აქ საქმე ეხება არა იმდენად რუსეთის ან რუსული კაპიტანის შემოსვლას საქართველოში რამდენადაც ქართული სახელმწიფოს, საქართველოს ხელისუფლების ორმაგ პრინციპებს და ორმაგ შეხედულებებს, როდესაც მათ შეუძლიათ ძალიან სუბიექტურად, ერთ შემთხვევაში რუსეთში ნაშოვნ კაპიტალზე თქვან, რომ ეს საქართველოსთვის დამღუპველია და მეორეს მხრივ, მათ ძალიან ბევრი სტარტეგიული ობიექტი არა მხოლოდ რუსი ბიზნესმენებისთვის არამედ, რუსეთის სახელმწიფოსთვის აქვთ გადაცემული“, - განაცხადა ხადურმა.
რაც შეეხება რუსეთის მიერ საქართველოს ბევრი სტრატეგიული ობიექტის ფლობას, ხადური აცხადებს, რომ ეს რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია.
ხადურის განცხადებით, აქედან ნათლად ჩანს, რომ სამწუხაროდ, ქართულ ბაზარზე შემოსვლაზე, სხვა ქვეყნებიდან მოთხოვნა ნაკლებია.
„რუსეთი ცდილობს, რაც შეიძლება ბევრი ეკონომიკური ბერკეტი აამოქმედოს საქართველოში, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით მაინც, ჩვენი ქვეყანა თავის გავლენის სფეროში დატოვოს. რუსეთი ცდილობს იმას, რასაც ვერ გააკეთებს ტანკებით და სამხედრო ძალით, ეკონომიკური თვალსაზრისით გააკეთოს. ანუ ის თავისი გავლენის სფეროების გასაფართოვებლად ეკონომიკურ ბერკეტებს გამოიყენებს. მოგეხსენებათ, ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს და ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს, რუსეთს საკმაოდ შორსმიმავალი გეგმები ჰქონდა. მათ შორის, გაზპრომის დიდი ბრიტანეთის გაზგამანაწილებელი სისტემის შეძენაზე ფიქრობდა. ასე რომ, ეს არის რუსეთის იმპერიის მიზანმიმართული პოლიტიკაა“, - განაცხადა ხადურმა.