ბოლნისის რაიონში კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისი გაიხსნა. ოფისი კოალიციის ლიდერებმა ზვიად ძიძიგურმა და სოზარ სუბარმა გახსნეს. პრეზენტაციაზე ლიდერებმა ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატი დარეჯან ხვისტანი წარადგინეს.
კოალიციის ლიდერების თქმით, ეს არის პიროვნება, რომელსაც ყველა ეროვნების ადამიანი კარგად იცნობს და იმედი გამოთქვეს, რომ ის აუცილებლად გაიმარჯვებს არჩევნებში.
„ბოლნისში არ არსებობს ოჯახი, სადაც ერთი ბავშვი მაინც არ არის გაჩენილი დარეჯან ხვისტანის ხელიდან, ეს არის ადამიანი, რომელიც ყველა ეროვნების მოქალაქეს უყვარს ამ რაიონში, ამიტომ ის აუცილებლად გაიმარჯვებს.“, - განაცხადეს ლიდერებმა და აღნიშნეს, რომ დღევანდელი დღიდან ბოლნისი სრული დატვირთვით შეუდგება საქმიანობას.
რაც შეეხება თვითონ მაჟორიტარობის კანდიდატს, მისი თქმით, ჯანდაცვის სფეროში ძალიან ბევრი პრობლემაა და და აღნიშნა, რომ მის მოსაგვარებლად ბიძინა ივანიშვილთან ერთად იბრძოლებს.
„მიმაჩნია, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი სწორედ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც იმ პრობლემებს, რაც საქართველოში ამ დროის განმავლობაში დაგროვდა აღმოფხვრის და მინდა მეც ამ პროცესში მივიღო მონაწილეობა“, - განაცხადა ხვისტანმა.
ბოლნისში კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისის მისამართია აღმაშენებლის ქ. № 54.