„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი სესიაშილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
აღნიშნულ განცხადებას from.ge უცვლელად გთავაზობთ:
„მინდა გავაკეთო განცხადება ჩემს წინააღმდეგ შსს-ს მიერ აგორებული ბინძური პიარკამპანიასთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ საქმესთან მიმართებაში მე არანაირი კავშირი არ მაქვს. შესაბამისად, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება ჩემს წინააღმდეგ, რაც უსუსურს და უსაფუძვლოს ხდის ამ შეთითხნილ, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეს.
საგამოძიებო ორგანოები რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ, რამდენადაც ოპერატიულმა მუშაკმა, ლაშა კურტანიძემ (რომელსაც მე საერთოდ არ ვიცნობ), რომელიც აიძულეს ჩემი მეგობრის წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობა, გამოიჩინა სიმამაცე და დაწერა წერილი, სადაც ის საუბრობს მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლისა და იძულების შესახებ ჩემი და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამოგონილ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენების მიცემის შესახებ. შესაბამისად, შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეო ჩანაწერი მისი ჩვენებით, არის უსაფუძვლო და მტკიცებულებების გარეშე, მეტიც, მიღებულია წამების შედეგად.
პროვოკაციის მსხვერპლია ჩემი მეგობარი ზაზა ჭელიძე, რომელიც დღესდღეობით დაკავებულია და აშკარაა, რომ აიძულებენ ჩემს წინააღმდეგ შსს-სთვის სასურველი ჩვენების მიცემას. მას, სავარაუდოდ, დაემუქრნენ და აიძულეს უარი ეთქვა ადვოკატზე და საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ მიეცა ისეთი ჩვენება, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. მიზეზი გასაგებია: შსს-ს მიერ შეთითხნილი საქმე ადვილად გამოაშკარავდა, მათ არ გააჩნიათ არანაირი მტკიცებულება და იმყოფებიან გამოუვალ მდგომარეობაში. ერთადერთი ხელმოსაკიდი, რაც გამოძიებას დარჩა, ეს არის ზაზას ტყვეობა და მისი იძულება მიაცემინონ მათთვის სასურველი ჩვენება.
საქმეში ჩაერთო ცნობილი ადვოკატი და უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი, რომელიც 21 ივნისს მივიდა ციხეში, თუმცა ხელოვნურად შექმნილი ბარიერების გამო პატიმრის ნახვა ვერ შეძლო. დაწესებულების ადმინისტრაციამ ჯერ მოიმიზეზა ტექნიკური პრობლემები ადვოკატის შესვლასთან დაკავშირებით, შემდეგ კი მას გადასცეს ზაზას „უარი“ შეხვედრაზე.
კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ საგამოძიებო ორგანოებს არ გააჩნიათ არანაირი საფუძველი აწარმოონ რაიმე სახის სამართლებრივი დევნა ზაზა ჭელიძის წინააღმდეგ.
აშკარაა, რომ ზაზა ჭელიძეზე ზეწოლა ერთადერთი მიზნით ხორციელდება, რათა საგამოძიებო ორგანოებმა მისგან მიიღონ ჩვენება ჩემი და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ეს არის პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციის მცდელობა, რაშიც ხელისუფლება შსს-ს ბოროტად იყენებს. პრევენციულად ვაცხადებ, რომ ჩემს საწინააღმდეგოდ მოპოვებული ნებისმიერი ჩვენება არის ზაზა ჭელიძეზე განხორციელებული ზეწოლის შედეგი და საგამოძიებო ორგანოების მიერ საკუთარი უკანონო ქმედებების დაფარვის მცდელობა“,- ნათქვამია განცხადებაში.