ქრისტიან-დემოკრატებმა საქართველოს მთავრობას “მზეთუნახავი”უწოდეს. მომავალ კვირას, ფრაქცია პარლამენტში მინისტრებს იბარებს.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე “ქრისტიან-დემოკრატმა” ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ მინისტრები იმდენად არაპოპულარულები არიან, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” მათი გამოჩენის ერიდება და ეშინია.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ დაჰყავს ხელისუფლებას შეხვედრებზე მინისტრების მაგივრად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღითი დღე არადექვატური ხდება.
“როცა პირველი პირი კარგავს რეალობის განცდას, ის ხვალ და ზეგ აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი იქნება” - განაცხადა ვეფხვაძემ.
“დებატებში გიწვევთ, რა გამოწვევაც უნდა მიიღოთ. ეს უნდა იყოს იდეების შეჯიბრი და არა ფულისა და ძალის” - განაცხადა ვეფხვაძემ.
მისივე განმარტებით, მთავრობამ მოსახლეობას უნდა აუხსნას როგორ ხედავს სოფლის მეურნების გადარჩენის გზად ქალაქ “ლაზიკის” აშენებას, სადაც სოფლიდან აყრილი მოსახლეობის ჩასახლებას გეგმავენ.