პარლამენტის ვიცე–სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი აცხადებს, რომ 2013 წლის ბოლომდე დღეებს, წუთებს ითვლის, რადგან ამ დროს უნდა დასრულდეს ის პროცესი, რაც დაზარალებულების პრობლემის მოგვარებას უკავშირდება.
რატომ არ უპასუხა ჯონდი ბაღათურიას საკმაოდ მწვავე ბრალდებას 5 ათასი ადამიანის მოტყუების შესახებ და რატომ დუმს კერვალიშვილი?
from.ge პარლამენტის ვიცე-სპიკერს რუსუდან კერვალიშვილს ესაუბრა:
- ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტის სხდომაზე 5 ათასი ადამიანის მოტყუებაში დაგადანაშაულათ. თქვენ მისთვის სხდომაზე პასუხი არ გაგიციათ. რატომ არ უპასუხეთ ბაღათურიას?
- იმიტომ რომ ჩემი მოსაზრება ერთადერთია, ბატონ ჯონდის სწორი ინფორმაცია არა აქვს. ჩემთვის ეს სამწუხაროა. შევეცდები ჯონდი ბაღათურიას ყველა ის ინფორმაცია მივაწოდო, რომელიც მას და საზოგადოებას აინტერესებს.
- 5 ათასი ადამიანი, არის თუ არა „ცენტრ–პოინტის“ მიერ მოტყუებული?
- არსებობს უდანაშაულობის პრეზუმცია, ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, „დექსუსმა“ წლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია. ეს ანგარიში საიტებზეა დადებული. გვარებითა და სახელებით არის აღწერილი თუ რა მდგომარეობაა რეაბილიტაციის პროცესში. მე, რეაბილიტაციის პროცესში ჩარევის უფლება ან რაიმე განცხადების გაკეთების უფლება არა მაქვს.
- დაზარალებულთა აქციები მუდმივად იმართება. პარლამენტთან მათ ხაჭოც კი მოგიტანეს და დაყარეს. თქვენ დაზარალებულ ადამიანებს არ პასუხობთ და არც კი ხვდებით. რატომ უკეთებთ მათ მოთხოვნებს იგნორირებას?
- რეაბილიტაციის პროცესი საქართველოში პირველად განხორციელდა, ასეთი რამ ჯერ არ განხორციელებულა.მენეჯმენტის კომპანიას ყველაფერი აქვს გადაცემული იმისთვის, რომ მან პროცესი განახორციელოს. პროცესი სამწლიანია და მიმდინარეობს. მე უფლება არა მაქვს კომენტარი გავაკეთო ან ჩავერიო საქმის მიმდინარეობაში. მე იგივე ინფორმაციას ვფლობ, რასაც საზოგადოება.
- დაზარალებულებს არ სჯერა, რომ თქვენ იგივე ინფორმაციას ფლობთ, რასაც ისინი?
-ჩემთვის ეს გაცილებით მეტი ტკივილია, ვიდრე ნებისმიერი ადამიანისთვის შეიძლება იყოს. დღეებს, წუთებს ვითვლი 2013 წლის ბოლომდე როდესაც რეაბილიტაციის პროცესი უნდა დასრულდეს, რადგან ეს დაკავშირებულია იმ მოვალეობების შესრულებასთან რომელიც აღნიშნულ კომპანიას აქვს ადამიანების წინაშე არებული.
- ესე იგი, 2013 წლის ბოლოსთვის დაზარალებული ადამიანები დაკმაყოფილდებიან?
- ამასთან დაკავშირებით მათ გაცილებით უკეთესად იციან. ამ ანგარიშის შესაბამისად, ბევრი ადამიანია დაკმაყოფილებული.რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ძალიან უხერხულია და არასწორი ჩემი მხრიდან კომენტარის გაკეთება. მე არამცთუ იგნორირებას არ ვუკეთებ მათ, არამედ, თითოეული ადამიანის ტკივილი ჩემთვის გაუსაძლისი ტკივილია და ვალდებულად ვთვლი თავს, ამას გავუძლო, იმიტომ რომ ისინი დაკმაყოფილდნენ.
- გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა დაზარალებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
–ამის შესახებ დამირეკეს და მითხრეს. ადამიანი ყველაზე დიდი ღირებულებაა რაც კი შეიძლება იყოს. ამ ინფორმაციამ შოკში ჩამადგო.