პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ადვოკატის სანდრო ბარამიძის განცხადებით, „გლობალ კონტაქტ კონსალტინგ“- ის წინააღმდეგ მიღებული განჩინება აბსოლუტურად უკანონოა და „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი დღის ბოლომდე პროკურატურის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარს შეიტანს.
მისი განცხადებით, საქალაქო სასამართლოში საჩივრის მოთხოვნა ყადაღის შესახებ განჩინების გაუქმებაა.
რაც შეეხება, საქალაქო სასამართლოს განცხადებას, რომ განჩინებაზე ელექტრონული ხელმოწერაა, ბარამიძე აცხადებს, რომ მან არ იცის, არის თუ არა ელექტრონული ხელმოწერა განჩინებაზე და აღნიშნავს, რომ საჩივარში როგორც დოკუმენტზე ხელმოწერის არ არსებობა, ასევე მთელი რიგი სხვა პუნქტები აღინიშნება.
„ისინი ბევრ რაიმეს აცხადებენ, მათ შორის იმასაც, რომ ყველაფერი კანონიერი იყო, მაგრამ ამ პატარა განჩინებაში უამრავი ცდომილებებია. საქმეში არ არის ბრალდებული, მაშინ როდესაც უნდა იყოს ბრალდებული იმისათვის, რომ გამოიყენო ბრალდება. არ არის საფუძვლები მითითებული, რა შემთხვევაში შეიძლება, რომ ყადაღა დაედოს ქონებას. არ არის გათვალისწინებული ის გარანტიები მედიაორგანიზაციებისთვის, რომლებიც საპროცესო კოდექსში ჩადებულია“, - განაცხადა ბარამიძემ.