პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი „ელიტა ბურჯის“ და „გლობალ ტვ“-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას აცხადებს, რომ „ალბათ, ბატონმა სააკაშვილმა არ იცოდა, რას აკეთებდა მისი სანაქებო პოლიცია, თორემ არ დაუშვებდა ასეთ ანტი დემოკრატიულ შაბაშს. ცისკარიშვილის განცხადებით, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამ იდეის ავტორები გონს მოვლენ და ცივილიზებული ქმედებების ჩარჩოში დარჩენას შეეცდებიან.
„მკითხველისთვის უფრო საინტერესო იქნება, რას ფიქრობს ამ თემაზე ქართული არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების გარანტი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, მხოლოდ მის აზრს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ალბათ, არ იცოდა ბატონმა სააკაშვილმა რას აკეთებდა მისი სანაქებო პოლიცია, თორემ არ დაუშვებდა ასეთ ანტი დემოკრატიულ შაბაშს“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლება სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, ლენინის ანდერძის მიხედვით მოქმედებს.
„სწორედ ლენინი იყო ის ადამიანი, რომელიც ამბობდა სიტყვის თავისუფლება? ჩვენ არ ვაპირებთ დავამთავროთ თვითმკვლელობით. ნუ, სააკაშვილისთვისაც სამართლიანი მედია გარემო თვითმკვლელობის ტოლფასია, ამიტომ იბრძვის საკუთარი თავის გადასარჩენად და ამ ბრძოლაში ლენინური მოქმედებებით მოქმედებს: გაუმარჯოს თანამედროვე ქართულ ბოლშევიზმს, ვაშააა!“ - განაცხადა ცისკარიშვილმა.