ნუგზარ წიკლაური:  ოქტომბერში ქართველი ხალხი  რუსულ ოცნებას დაასრულებს

ნუგზარ წიკლაური: ოქტომბერში ქართველი ხალხი რუსულ ოცნებას დაასრულებს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა ოპოზიციონერი დეპუტატი კარლო კოპალიანი ქაჯანას შეადარა.

პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას წიკლაურმა განაცხადა, რომ

კოპალიანმა მე-7 მოწვევის პარლამენტს ყველაზე უფრო უღიმღამო უწოდა.

„სწორედ ჩვენს პარლამენტში გაჩნდა ლიტერატურული ალუზია ნიკო ლომაურის შესანიშნავი, სითბოთი აღსავსე მოთხრობის გმირის. ეს გმირი არის - ქაჯანა, ხოლო ეს ალუზია არის თავად ბატონი კოპალიანი. ყველას კარგად გვახსოვს პირველი 3 წელი, როდესაც ის ვერ მეტყველებდა, ახლა მან ასე ამოიდგა ხმა. ასე, რომ ქაჯანების ქვეყანაც დამთავრდება და ვერავინ ვერ შეცვლის ქართველი ხალხის სწრაფვას და გადაწყვეტილებას ჰქონდეს თავისუფალი ქვეყანა. არავის, არც რუსეთის მონებს და არც ვინმე სხვის მონებს არ მივცეთ შესაძლობას რომ შეარყიოს ჩვენი ქვეყნის თავისუფლება“, - აღნიშნა წიკლაურმა.  

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, პარტკომების თუ პარტიული ინსტრუქტორების, საბჭოთა კავშირის რეანიმატოლოგთა ოცნება არ ასრულდება.

„კომუნისტური, ნაცრისფერი კერპების ოცნება ჩვენს ქვეყანაში არასოდეს არ ასრულდება და ოქტომბერში ქართველი ხალხი დაასრულებს რუსულ ოცნებას  რომლის უკანასკნელ ამოძახილსაც პარლამენტში ვისმენთ“, - აღნიშნა წიკლაურმა.

მან ჯონდი ბაღათურიას განცხადებასაც უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ თურქეთის 25 ათასმა მოქალაქემ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.

„სიცრუესთან გვაქვს საქმე, რეალობა კი სხვაგვარია. სულ, ვინც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო - უცხოეთში მცხოვრებმა თანამოქალაქეებმა - 2 ათას 894 ადამიანია“, - აღნიშნა წიკლაურმა და რამდენიმე ცნობილი ადამიანის გვარი დაასახელა, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.  

მანვე აღნიშნა, რომ ამ ადამიანებს ბაღათურია „სუტინიორებს“ უწოდებს.

„ნუთუ შეიძლება ადამიანის ამაზე უფრო მეტი დაცემა, როდესაც განურჩევლად იმისა თუ რა გაუკეთებიათ მათ საქართველოში ასეთ დამაკნინებლად მოიხსენიებს? მაგრამ ესეც ხომ შეკვეთაა, - აღნიშნა წიკლაურმა.