ქართველების ლობისტური ომი ვაშინგტონში

ქართველების ლობისტური ომი ვაშინგტონში

 

“Le Figaro”-ში  ლორა მანდევილი მიხეილ სააკაშვილისა და მილიარდელ ბიძინა ივანიშვილის ლობისტურ ომზე საუბრობს ამერიკაში და აცხადებს, რომწინასაარჩევნო კამოანია არა მარტო საქართველოში, არამედ ვაშინფტონში, პოტომაკის ნაპირებზეც მიმდინარეობს.  . სტატიის ქართულ თარგმანს Foreignpress.ge გთავაზობთ.

მილიარდერმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა შეერთებულ შტატებში რამდენიმე ლობისტური კომპანია დაიქირავა იმისთვის, რომ თავის მეტოქეს, მიხეილ სააკაშვილს პოზიციები შეურყიოს.

საქართველოს წინასაარჩევნო კამპანია მხოლოდ თბილისში არ მიმდინარეობს, არამედ პოტომაკის ნაპირებზეც, ვაშინგტონში. პრეზიდენტ სააკაშვილის მთავარმა კონკურენტმა ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის დედაქალაქში ლობისტების არმია დაიქირავა და საკუთარი მეტოქის პოზიციების შესარყევად იანვრის შემდეგ K Street-ის ყველაზე სოლიდური კომპანიებისთვის უკვე დაახლოებით მილიონი დოლარი აქვს გადახდილი. მრავალრიცხოვან შუამავლებს შორის, ავტორიტეტულმა ფირმა Patton Boggs-მა უკვე დახარჯა 510.000 დოლარი 2012 წელს, მაშინ როდესაც კომპანიების National Strategies და BGR Group ბიუჯეტი ქართველი კლიენტისთვის – ერთის 160.000, მეორის კი 180.000 დოლარს შეადგენს – უჩვეულოდ დიდი ციფრი უცხოური ოპოზიციური პარტიისთვის.კამპანია პრესაში, ვიზიტები კაპიტოლიუმის ბორცვზე კონგრესმენებზე გავლენის მოსახდენად, შეხვედრები კვლევით ორგანიზაციებთან, რომლებიც საგარეოპოლიტიკურ კლიმატს ქმნიან, იმ მასშტაბურ ძალისხმევაზე მიუთითებს, რომელიც მიმართულია ამერიკის იმაში დარწმუნებისკენ, რომ მისი მოკავშირე დემოკრატიის კუნძული არ არის, როგორადაც თავს წარმოადგენს. „წლების განმავლობაში სააკაშვილი ძლიერ ლობისტებს იყენებდა… რომ დემოკრატიის ფასადი ეჩვენებინა. შემიძლია თავს უფლება მივცე და დავიქირაო ზოგიერთი ლობისტური კომპანია იმისთვის, რომ რეალური სურათი ვაჩვენო“, განაცხადა ივანიშვილმა New York Times-თან საუბრისას. მისი გუნდის გზავნილის თანახმად, საქართველოს ნატოსკენ სვლა არჩევნების პროცესის გამჭვირვალობამ უნდა განსაზღვროს.

მთავრობის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების Podesta-ს და Orion Strategies ყოველთვიური ჰონორარი – ერთის 50.000, მეორის კი 45.000 დოლარია. საქართველოს ელჩი თემურ იაკობაშვილი ამტკიცებს, რომ „ამ ძალისხმევის მიზანი ქვეყნის ინტერესების დაცვაა. ჩვენი მოწინააღმდეგე კი ცდილობს საქართველოს იმიჯის შელახვას კონსტრუქცული წინადადების გარეშე“, ამბობს იგი. მაშინ როდესაც ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ქვეყნაში დემოკრატიის დეფიციტია, მთავრობის გუნდი ოპოზიციონერის რუსულ კავშირებზე საუბრობს, რომელმაც თავისი $6.4 მილიარდიანი ქონება რუსეთში დააგროვა. „მე ვერ ვხედავ შეთქმულებას“, ამბობს იაკობაშვილი, „მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიციის და რუსების ლობისტები ჩვენს წინააღმდეგ ერთნაირ არგუმენტებს იყენებენ“. კარნეგის ფონდის თანამშრომელი და კავკასიის საკითხების ექსპერტი თომას დე ვაალი „ლეგიტიმაციისთვის ბრძოლაზე“ საუბრობს. „ვაშინგტონი ქართული პოლიტიკის არბიტრად იქცა“.

უფროსი რუსი ძმის მუდმივი ყურადღების ფონზე სააკაშვილის მთავრობისთვის ამერიკასთან ურთიერთობა გადარჩენის საშუალებად იქცა. მართალია, უმცროსი ჯორჯ ბუშის დროს ეს ურთიერთობა გაცილებით მჭიდრო იყო, თუმცა თბილისის მხარდაჭერას, რომელიც რეგიონში „საუკეთესო მოწაფედ“ მიიჩნევა, პრეზიდენტი ობამაც განაგრძობს. თუმცა თეთრ სახლს ამ ქვეყანაში დემოკრატიის წინსვლა სურს. სრული გამჭვირვალეობის ადვოკატირებით, ქართველები გულუბრყვილო მიდგომას ავლენენ, რითაც შეიძლება გზა გაეხსნას მოსკოვის „მხარდაჭერას“, რამაც თავის მხრივ შეიძლება მათი დასავლური პროექტი ჩაშალოს.