„ამომრჩეველთა ლიგა“ ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად აფასებს

„ამომრჩეველთა ლიგა“ ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად აფასებს

„ამომრჩეველთა ლიგა“ სატელევიზიო სიგნალების მიმღები ანტენების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტებში რადიო ტალღების ჩახშობის ფაქტს გამოეხმაურა. ამასთან დაკავშირებით, ლიგა სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული პროცესი ინფორმაციის გავრცელების და საზოგადოების წინააღმდეგ არის მიმართული.

განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:

ხელისუფლების მხრიდან ბოლო დროს ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტები სულ უფრო და უფრო შემაშფოთებელ ხასიათს იღებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში რადიო ტალღების ჩახშობას კერძო საკუთრებაში არსებული სატელევიზიო სიგნალის მიმღებ ანტენებთან ბრძოლა დაემატა.

საზოგადოებრივი მოძრაობა "ამომრჩეველთა ლიგა" აღნიშნულ ფაქტებს განიხილავს ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად, რაც ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

ხელისუფლების მიერ ინფორმაციის გავრცელებასა და მიღებაზე მონოპოლიის შენარჩუნების მცდელობა მიზნად ისახავს წინასაარჩევნოდ უთანასწორო პირობების შექმნით არაკეთილსინდისიერი არჩევნების ჩატარებას“, - ნათქვამია „ამომრჩეველთა ლიგის“ განცხადებაში.