საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე ზღულაძემ საგანპრესკონფერენციაზე ბოლო პერიოდის მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა. ზღულაძის განცხადებით, სახელმწიფო ამომრჩეველთა მოსყიდვისა და არჩევნების გაყალბების ძალიან შემაშფოთებელი ფაქტების წინაშე დადგა.
ზღულაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ კანონზე მაღლა დგას და მუდმივად მიზანმიმართულად, კანონის და შესაბამისად, ქვეყანაში დემოკრატიის დაასუსტებას ცდილობს.
„რატომ ენდობა საქართველოს მოსახლეობა სახელმწიფო ინსტიტუტებს დღეს, იმიტომ რომ ეს ინსიტუტები ემსახურება მათ. რატომ გახდა საქართველო კანონმორჩილი ქვეყანა, იმიტომ რომ კანონი ერთია ყველასთვის. რატომაა საქართველოს სახელმწიფო ძლიერი, იმიტომ რომ ის დგას სისტემაზე და არა ინდივიდებზე და პიროვნებებზე. ჩვენ არ მივცემთ უფლებას არცერთ პიროვნებას, არცერთ პოლიტიკურ პარტიას შეარყიოს საქართველოს სახელმწიფოს ეს ამოსავალი პრინციპები და ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ როგორც ჩანს, ფიქრობს რომ კანონზე მაღლა დგას და მუდმივდ მიზანმიმართულად ცდილობს დაასუსტოს კანონი და შესაბამისად, დემოკრატია ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ზღულაძემ.
ზღულაძემ მაგალითად, საპატრულო პოლიციის მეტროპოლიტენის სამსახურის თანამშრომლების თემა მოიყვანა და აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკური ანგაჟირების მცდელობა იყო.
ზღულაძის თქმით, პოლიციის ყოფილი თანამშრომლები ამ ფაქტით პოლიტიკური სკანდალის აგორებას შეეცადნენ.
„ძალიან მარტივი რამ მოხდა, საქართველოს პოლიციის სხვადასხვა ქვედანაყოფებში მუდმივად, ყოველწლიურად რეგულარურად მიმდინარეობს გეოგრაფიული და სამსახურეობრივი როტაციის პროცესი. არასოდეს არ დასმულა კითხვის ნიშნები ამ გადაადგილებებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან ცხადია ამ როტაციების მიზანი, რომ ამის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ თანამშრომლების გადახალისება, ბიუროკრატიული მოდუნების თავიდაც აცილება და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფაა. პოლიციის ყოფილი თანამშრომლები ამ ფაქტისგან რაღაც პოლიტიკური სკანდალის აგორებას შეეცადნენ“, - განაცხადა ზღულაძემ და დასძინა, რომ „ეს მცდელობა მცდელობად დარჩება, ანუ შეუმდგარ ცდად“.
მისი თქმით, საქართველოს პოლიციას აქვს ხალხის ნდობა იმიტომ, რომ ხალხმა იცის, რომ პოლიცია ემსახურება მათ.
„ასე რომ პოლიცია ჩვეულებრივი კანონით განსაზღვრული წესით გააგრძელებს მუშაობას მათ შორის იმისთვის რომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის პრევენციას და გამოვლენილ ფაქტებზე რეაგირებას მათ შორის, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებზე რეაგირებას“, - განაცხადა ზღულაძემ.
ზღულაძის განცხადებით, ერთი ასეთი კონკრეტული გამოძიება „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის„ სატელიტურ ანტენებს ეხება.
ზღულაძის განმარტებით, გუშინ პოლიციამ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტზე გამოძიების პროცესში, დროებით დააყადაღა დასაწყობებული სატელიტური ანტენები.
„ამ საქმეს არაფერი არ აქვს საერთო მედიის ხელმისაწვდომობასთან და რაღაც ამდაგვარ თემებთან. საქმე ეხება ძალიან კონკრეტული პოლიტიკური ამბციების მქონე პირის მიერ, კონკრეტული პარტიის წინაწაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში, კონკრეტული ამომრჩევლისთვის კონკრეტული მატერიალური ქონების უფასოდ გადაცემას. შესაბამისად, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვას, რაც არის დანაშაული. ეს ისჯება კანონით“, - განაცხადა ზღულაძემ.
მისი თქმით, შსს გააგრძელებს ძალიან მკაფიო და მკაცრ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას ამ არჩევნების გააყალბების ამომრჩეველთა მოსყდვის მცდელობასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური სუბექტი განსაკუთრებული ინტერესის საგანი არის ან გახდება.
„ეს ნიშნავს მხოლოდდამხოლოდ იმას რომ კანონის აღსრულების დროს არ იქნება არავითარი კომპრომისები, თუმცა მეორეს მხრივ, სახელმწიფო არის და იქნება ძალიან ღია ნებისმიეირ ახალ იდეასთან მიმართებაში, ჩაერთვება ნებისმიერ დისკუსიაში თუ ის შესაძლებლობა მოგვცემს კიდევ უფრო ღია და სამართლიანი გავხადოთ წინა საარჩევნო გარემო“, - განაცხადა ზღულაძემ.
ზღულაძის განცხადებით, სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს, რომ თითოეულ პოლიტიკოსს თითიეულ ამომრჩევლამდე სათქმელის მიტანის სრული შესაძლებლობა ჰქონდეს და აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ამ მხრივ ძალიან ღია და ლიბერალურია.
„ეს უფლება გარანტირებულია, მაგრამ ჩვენ გვინდა ამაზე შორის წავიდეთ. ჩვენ უკვე ვსაუბრობთ საქართველოს პარლამენტთთან იმაზე რა დამატებითი ზომები და ინიციატივები შეიძლება იყოს მიღებული იმისთვის რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ამომრჩეველს მხარმხრივი ინფორმაციის მიღება გაუმარტივდეს“, - აცხადებს ზღულაძე.