პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა და ოპოზიციონერმა ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იკამათეს.
სხდომის წამყვანმა გიგი წერეთელმა ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი კარლო კოპალიანი გააქილიკა. კოპალიანმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ განხორცილებულ ქმედებებზე ისაუბრა.
კოპალიანის გამოსვლის შემდეგ, გიგი წერეთელმა აღნიშნა: “კომენტარები არ არის საჭირო, მთლად უქმად არ ჩაუვლია 4 წელს. 4 წლის მიწურულს მწყობრი გამოსვლები აქვს, შინაარსზე არაფერს ვამბობ. მაინც დრო დასჭირდა, რომ ამ დონეზე რომ მისულიყო ჩვენი კოლეგების ერთი ნაწილი და შესძლებოდათ პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლა. ესეც ამ პარლამენტის გარკვეული დამსახურებაა”.
კოპალიანის ნაცვლად წერეთელს „ქართული დასის” ლიდერმა უპასუხა. ჯონდი ბაღათურიას თქმით, გიგი წერეთლისგან განსხვავებით, დეპუტატები: კარლო კოპალიანი და გოდერძი მარსაგიშვილი შრომით არიან დაკავებულნი და არა წერეთლის მსგავსად, მიკროფონთან პოზიორობით.
ამ სიტყვების შემდეგ ბაღათურიას წერეთელმა მიკროფონო გაუთიშა, თუმცა ბაღათურია მიკროფონის გარეშეც აგრძელებდა წერეთელთან კამათს.
წერეთელმა ბაღათურიას გაახსენა, რომ ის და ბაღათურია ერთმანეთს პარლამენტამდეც იცნობდნენ, როცა თბილისის საკრებულოს წევრები იყვნენ და როდესაც ბაღათურია, “ერთი მოკრძალებული დეპუტატი იყო დიდი ამბიციებით.
“გარკვეული ამბიციები დაიკამყოფილეთ, მაგრამ ცოტა ზღვარს გადადიხართ იმისთვის, რომ კამერებთან იპოზიოროთ. კამერები რომ არ იყოს აქ, ხმას არ ამოიღებდით,” - მიმართა წერეთელმა ბაღათურიას.
მიკროფონის ჩართვის შემდეგ ბაღათურიამ წერეთელისა და კოპალიანის და მარსაგიშვილის იმიჯზე ისაუბრა.
"გაიარე ქუჩაში და იკითხე ხალხში. შენი ავტორიტეტი მიწასთან არის გასწორებული, მათ კი ხალხი პატივს სცემს” - მიმართა ბაღათურიამ წერეთელს.
“მაგ სიმართლით იარე” - უთხრა წერეთელმა ბაღათურიას.