გია ცაგარეიშვილი: ანტენების წინააღმდეგ ბრძოლა, ხელისუფლებას უსწრაფესად ბუმერანგივით შემოუტრიალდება

გია ცაგარეიშვილი: ანტენების წინააღმდეგ ბრძოლა, ხელისუფლებას უსწრაფესად ბუმერანგივით შემოუტრიალდება

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი და „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, გია ცაგარეიშვილი „გლობალ ტვ“ -ის და „ელიტა ბურჯი“- ს ირგვლივ  განვითარებულ მოვლენებს პოლიტიზირებულს უწოდებს.

ცაგარეიშვილის განცხადებით,  მომხდარი მასმედიის საშუალებაზე პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური ზეწოლაა, რომელშიც  ყველანაირი სამართალწარმოების წესებია დარღვეული.

„საქართველოს სასამართლოები პოლიტიკურ ოპონენტებზე, ადვოკატებზე და  თავისუფალი მედიის წარმომადგენლებზე ხელისუფლების ხელში უმძლავრეს ბერკეტად გადაიქცა. აღარაფერს ვამბობ პროკურატურაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებზე, რომლებიც ამ სპეცოპერაციაში  იყვნენ ჩართულნი“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და  ამ მოვლენებს გაგრძელება აუცილებლად ექნება, თუმცა აღნიშნავს, რომ რა შეიძლება იყოს ხელისულების შემდეგი ნაბიჯები ამის პროგნოზირება უჭირს.

„ვფიქრობ, იმ უკანონო  მოქმედებების წყებაში,  რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე კვირის წინ ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ დაიწყო, ეს მხოლოდ დასაწყისია.  ამას გაგრძელება აუცილებლად მოჰყვება.  უბრალოდ, მე ვერ ვპროგნოზირებ რას მოიმოქმედებს მიხეილ სააკაშვილი.  ის  არაპროგნოზირებადი ადამიანია, რომელმაც კარგა ხანია  წითელი ხაზი გადალახა და რომელიც სამწუხაროდ,  ძალაუფლების შესანარჩუნებლად უკან  არაფერზე  დაიხევს.  ეს სადამსჯელო მანქანა მთელი სიმძლავრით  ამოქმედდება, მაგრამ  რაც უფრო მძლავრად ამოქმედდება მით უფრო  მძლავრი იქნება წინააღმდეგობა საზოგადოების მხრიდან.  ეს რეჟიმის კრახს მხოლოდ ააჩქარებს“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მისი თქმით, ანტენების წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს.

„ეს ხელისუფლებას უსწრაფესად ბუმერანგივით შემოუტრიალდება. სააკაშვილს არაფერი არ გამოუვა.  საზოგადოება ძალიან მობილიზებულია და ხელისუფლების წარმომადგენლების ეს ქმედებები კრახით დასრულდება“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა და დასძინა, რომ „მედიაზე ზეწოლა ხელისუფლების საბრძოლო არსენალში უმთავრესი საბრძოლო ხერხია“.