პეტრე მამრაძის შეფასებით, რეჟიმს, რომელიც დღეს საქართველოში სუფევს ეწოდება - ავტორიტარული კლეპტოკრატია, ანუ ხაზინის ქურდების ავტორიტარული რეჟიმი. ეს განცხადება მამრაძემ დღეს პარლამენტის სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, 2008 წლის 17 აპრილს აშშ-ს ყოფილმა ელჩმა ტეფტმა სააკაშვილს პრეზიდენტ ბუშის წერილი გადასცა და აშშ-ს პოზიცია დააფიქსირა. მამრაძის ინფორმაციით, იმ წერილში ნათქვამი იყო, რომ თუ სააკაშვილი სამხედრო-პოლიტიკურ ავანტიურას დაიწყებს, ის მარტო დარჩება, არავინ დაეხმარება და ის მოხდება რაც გარდაუვალია და რაც მართლაც მოხდა.
„ასეთია სინამდვილე, რომლის შედეგად საქართველომ დაკარგა ახალგორის რაიონი და ქსნის ხეობა, კოდორის ხეობა, ტერიტორიით აფხაზეთის მესამედი, რომელზედაც სააკაშვილი აცხადებდა, რომ ეს ის პლაცდარმია, საიდანაც სოხუმი ხელის გაწვდენაზეა და აფხაზეთის მთავრობას ეუბნებოდა, მალე ყველანი სოხუმში გადახვალთო“, - აღნიშნა მამრაძემ და დაამატა, სააკაშვილი ხალხს ჰპირდებოდა, რომ თუ მას მეორე ვადით პრეზიდენტად აირჩევდნენ საქართველოს გამთლიანება გარანტირებული იქნებოდა.
მისივე თქმით, ყველამ იცის ახლა რა მდგომარეობაში არიან „წეროვანის გეტოში“ დევნილები.
„2004 წელს, ინგლისურენოვანმა ცნობილმა მოღვაწემ მითხრა, რომ თქვენი პრეზიდენტი გამოდგა ფსიქოპატი, რომელსაც ქვეყნის მართვა არ შეუძლია, პუტინი კი ჩეკისტია და მისი რეჟიმი ჩეკისტური რეჟიმია. ახლა ნახეთ როგორ გამოიყენებს თქვენს პრეზიდენტს“, – აღნიშნა მამრაძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატის გამოსვლას საპარლამენტო უმრავლესობა წყნარად უსმენდა. მას შემდეგ რაც მამრაძემ გამოსვლა დაასრულა, უმრავლესობის წევრმა ელდარ კვერნაძემ მამრაძეს დაუძახა: „მოღალატე, პროლეტარი ხარ, რა გეშველება“.