„ქართული ოცნება“ „გლობალ ტვ“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაციას საერთაშორიო ორგანიზაციებს აწვდის

„ქართული ოცნება“ „გლობალ ტვ“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაციას საერთაშორიო ორგანიზაციებს აწვდის

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ „გლობალ ტვ“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაციას საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწვდის.

აღნიშნულის შესახებ, განცხადებას კოალიცია „ქართული ოცნება“ ავრცელებს. განცხადების მიხედვით,  21 ივნისს პროკურატურა „გლობალ ტვ“-ის რამდენიმე ოფისში ერთდოულად შეიჭრა და მისი ქონება - სატელიტური თეფშები და შესაბამისი აპარატურა დააყადაღა.

მათი განცხადებითვე, ხელისუფლების ამ უკანონო ქმედებას წინ უძღოდა კონტროლის პალატის მიერ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის 63 110 095  ლარით უკანონო დაჯარიმება, რომლის მიზეზად იგი კომპანია „გლობალ ტვ“-სთან ბიძინა ივანიშვილის კავშირს ასახელებს, რისი იურიდიული დადასტურება მას არ გააჩნია.

„გარდა ამისა, საქართველოს პროკურატურამ უკანონოდ დააკავა კომპანია „გლობალ ტვ“-ის ამერიკელი თანამფლობელი და მისი გათავისუფლება ვერ მოხერხდა, ვიდრე ადგილზე აშშ-ის კონსული საქართველოში არ მივიდა. ბოლო ერთი კვირის მანძილზე მომხდარი ეს სამი ფაქტი ადასტურებს, რომ სრულ აგონიაში ჩავარდნილ ხელისუფლებას აქვს ერთადერთი მიზანი - სატელიტური თეფშების გავრცელება საქართველოს რეგიონებში არ დაუშვას, რომლითაც მოსახლეობას ობიექტური ინფორმაციის მიღების საშუალება უჩნდება. ხელისუფლების მიზანია, ის საინფორმაციო ვაკუუმი შეინარჩუნოს, რაც მის მიერ კონტროლირებული ტელევიზიების პირობებში შექმნილია. გამორიცხული არაა, რომ ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი იქნება ობიექტური ტელევიზიების დახურვა, რადგან მან საბოლოოდ გადაკვეთა წითელი ხაზი და კანონგარეშე სივრცეში მოქმედებს, მიმართავს ტერორს დემოკრატიასა და თავისუფალ სიტყვაზე“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კოალიციაში მიაჩნიათ, რომ ის, რაც ახლა კომპანია „გლობალ ტვ“-ის მიმართ ხდება, არა მარტო საქართველოს მოსახლეობის თვალში წარმოაჩენს ამ ხელისუფლების ნამდვილ სახეს, არამედ დემოკრატიულ თანამეგობრობაში ჩვენს პარტნიორებსაც სწორი დასკვნების გაკეთებას გაუიოლებს.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ მოულოდნელი არ ყოფილა ხელისუფლების ისტერიული ნაბიჯები.

„როგორც კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა არაერთგზის განაცხადა, ყველაფერი გეგმის მიხედვით ვითარდება. სიტუაცია სულ მალე შეიცვლება, პროცესი შეუქცევადია და ოქტომბერში „ქართული ოცნების“ გამარჯვებით დასრულდება“, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.