პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი და "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, თეა წულუკიანი "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის საქართველოდან დეპორტაციას, როგორც სამართლებრივად ისე პოლიტიკურად გამორიცხავს.
წულუკიანის განცხადებით, სამართლებრივად ივანიშვილის დეპორტაცია წარმოუდგენელია, რადგან საერთაშორისო სტანდარტები და მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მერვე მუხლი უცხოელის ქვეყნის ტერიტორიიდან გაყვანას კრძალავს, თუ მას ქვეყნის ტერიტორიაზე ამ ქვეყნის მოქალაქე, მეუღლე, შვილები და ოჯახის სხვა წევრები რჩება.
"ევროპული კონვენციის მერვე მუხლი კრძალავს დეპორტაციის მეშვეობით ოჯახის დარღვევას. აქედან გამომდინარე, ამგვარი დეპორტაცია ვერ მოხდება. ხელისუფლება რაც არ უნდა ეცადოს სამართლებრივად დეპორტაციის საფუძველს ვერანაირად ვერ შექმნის. გარდა ამისა, ამას ემატება ის, რომ ივანიშვილი რეალურად, ჩვენს ქვეყანაში უცხოელი არაა. ის ქართველი, საქართველოს შვილია, რომელსაც პასპორტი სააკაშვილმა უკანონოდ ჩამოართვა. ეს ასპექტი თუ ამის საჭიროება გახდა, თავის მნიშვნელოვან სიტყვას სიტყვის. პოლიტიკურად კი, ბიძინა ივანიშვილის საკუთარი ქვეყნიდან გაყვანა ვერ მოხდება იმის გამო, რომ ეს ქვეყნის საზიანოდ ხელისუფლების მხრიდან, ძალიან სერიოზული შეცდომა იქნება“, - განაცხადა წულუკიანმა.
ცნობისთვის, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის, გოგი ხუციშვილის პროგნოზით, ხელისუფლება შეეცდება, ივანიშვილს დესტრუქციული ქმედება ჩაადენინოს, ხოლო შემდეგ სრულიად სუბიექტურად და არასამართლიანად კანონმდებლობის ის მუხლი გამოიყენოს, რომელიც უცხოეთის მოქალაქის ქმედებას ეხება და დეპორტაცია იყოს შესაძლებელი.