საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი საარჩევნო გარემოს გაუარესებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ შეფასებას არ ეთანხმება.
მინაშვილის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა საიმისოდ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები უფრო თავისუფალი და სამართლიანი იყოს.
“სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ანგარიშში ნათქვამია, რომ წინა თვესთან შედარებით საარჩევნო გარემო უფრო მეტად არის დამძიმებული.
“არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიში თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ანგარიშს არ ვეთანხმები. საქართველომ ძალიან ბევრჯერ წარმატებით და დემოკრატიულად ჩაატარა არჩევნები, მათ შორის 2008 და 2010 წლებში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია სკეპტიკურად იყო განწყობილი, ეუთომ ძალიან ცალსახად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ ეს იყო არჩევნები, სადაც ამომრჩეველთა ნება გამოიხატა”, - აღნიშნა მინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სამართლიანი არჩევნების დაკვირვებით მონიტორინგის პერიოდში დაფიქსირდა სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების 10, მუქარის და ზეწოლის - 9, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების - 2, ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელისშეშლის - 4, სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობის ხელისშეშლის - 2 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 6 შემთხვევა.