დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლო კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის აღდგენის შესახებ საქმის განხილვას იწყებს.
ივანიშვილის ადვოკატის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, სასამართლო შეგნებულად აჭიანურებს სასამართლო პროცესს, რათა ოქტომბრის არჩევნებამდე ივანიშვილს მოქალაქეობა არ მიანიჭოს.
"სააპელაციო სასამრთლოს ჩვენ მიერ შეტანილი სარჩელი მაქსიმუმ ხუთი თვის განმავლობაში უნდა განეხილა. ფაქტობრივად, საქმის განხილვა ვადის ბოლო ზღვარზე ხდება.
„სასამართლო მაქსიმალურად ცდილობს დაეხმაროს აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ საქმის განსახილველად ვადები გაიწელოს და ივანიშვილს ოქტომბერში არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცეს“, - განაცხადა კბილაშვილმა.
როგორც იურისტები აცხადებენ, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დიფერენცირებულ მიდგომას დაბადებით ან ნატურალიზაციის გზით მოქალაქესა და საგამონაკლისო წესით გამხდარ მოქალაქეს შორის. ამიტომ მათი თქმით, პრეზიდენტის ბრძანება უნდა გაბათილდეს.
„თუ საქართველო აღიარებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს ასეთი მოქალაქეებისთვის მოქალქეობის ჩამორთმევის აღნიშნულ წესს, მაშინ გამოდის, რომ პრეზიდენტი მოქმედებდა როგორც არაუფლებამოსილი პირი და მის მიერ გამოცემული ბრძანება უნდა გამოცხადდეს ბათილად“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.
რაც შეეხება არჩილ კბილაშვილს, მან აღნიშნული გადაწყვეტილება შეაფასა როგორც იურისტმა და როგორც პოლიტიკურმა პირმა და აღნიშნა, რომ ეს იყო როგორც არასამართლებრივი გადაწყვეტილება, ასევე პოლიტიკური მოტივაციით განპირობებული, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის აღკვეთას ითვალისწინებდა.
ივანშვილის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოსგან კონკრეტული შედეგს არ ელიან.
„რასაკვირველია ეს სასამართლო დატოვებს ძალაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას და ილუზია იმისა, რომ რამე შეიცვლება არ გვაქვს",- განუცხადა from.ge-ს კბილაშვილმა
შეგახსენებთ, ივანიშვილის ადვოკატების განცხადებით, 2011 წლის 27 დეკემბერს თბილისში საქალაქო სასამართლომ ივანიშვილის საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის შეწყვეტის ნაწილში საქართველოს პრეზიდენტის #602 ბრძანება სამართლიანად ცნო და არ დააკმაყოფილა ივანიშვილის სარჩელი საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით. რის შემდეგ, ივანიშვილის ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში 2012 წლის 24 იანვარს გაასაჩივრეს.