"გლობალ ტვ"-ის ამერიკელი მეწილე ალექსანდრე რონჟესი,რომელც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის გავლისას დააკავეს, 5-საათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.
ალექსანდრე რონჟესი უკანონო შემოსავლების შესაძლო ლეგალიზების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოწმის სტატუსით დაიკითხა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.
მიღებული ინფორმაციის თანახმად ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქემ ალექსანდრე რონჟესმა 2004 წლის ოქტომბერში 180 000 ლარად შეიძინა თბილისში მდებარე უძრავი ქონება, რომელიც 2012 წლის 8 ივნისს გაასხვისა შპს „ლიზინგი 21“-ზე 3 100 000 ლარად და მიღებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ნაღდი ფულის სახით გაიტანა საბანკო ანგარიშიდან, რაც საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით საეჭვო ოპერაციას წარმოადგენს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ვინაიდან მან საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას არ მოახდინა თანხის დეკლარირება, საგამოძიებო სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა მისი დაკითხვა.
ალექსანდრე რონჟესს შეკითხვები საქართველოში მის მიერ განხორციელებულ ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებით დაუსვეს განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ალექსანდრე რონჟესის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა.
გელაშვილის განცხადებით, ალექსანდრე რონჟესი მოწმის სტატუსით დაიკითხა საქმის ფარგლებში, რომელიც აღძრულია უკანონო შემოსავლის შესაძლო ლეგალიზაციის ფაქტზე.
შეკითხვები შეეხებოდა მხოლოდ რონჟესის მიერ საქართველოში განხორციელებულ ფინანსურ ოპერაციებს.
"არავითარ ფულის გათეთრებაზე საუბარი არ ყოფილა. გამოძიების დაინტერესების საგანი იყო უძრავი ქონება, რომლის რეალიზაციაც განახორციელა ალექსანდრე რონჟესმა", - აღნიშნა ლილი გელაშვილმა.
ალექსანდრე რონჟესმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი უკომენტაროდ დატოვა.