მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მიერთებულია შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების კონვენციას, რაც პირდაპირ ავალდებულებს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას იზრუნოს მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ინტეგრაციისათვის, არსებულმა ხელისუფლებამ პირდაპირ შეიძლება ითქვას, გაუსაძლისი გახადა საზოგადოების ამ ნაწილის ცხოვრების პირობები - აცხადებენ „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენლები.
მათი განცხადებით, ხელოვნურადაა შემცირებული შეზღუდული შესაძლებლობების პირთა რაოდენობა, გართულებულია შესაძლებლობის შეზღუდვის დადგენის პროცედურა, სახელმწიფო არ აფინანსებს არანაირ სარეაბილიტაციო პროგრამას და ა.შ.
„ჩვენი პარტიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამაში დეტალურადაა გაწერილი ის ნაბიჯები, რომელიც სავალდებულოა მათი ცხოვრების პირობების შემსუბუქებისა და გაუმჯობესებისათვის“, - აცხადებენ „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლები.