წიკლაური არ გამორიცხავს, რომ ალდამოვმა საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციული განცხადებების გაკეთება დაიწყოს

წიკლაური არ გამორიცხავს, რომ ალდამოვმა საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციული განცხადებების გაკეთება დაიწყოს

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური არ გამორიცხავს, რომ ხიზრი ალდამოვმა საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციული განცხადებების გაკეთება დაიწყოს.

ნუგზარ წიკლაური დარწმუნებულია, რომ ალდამოვი რაიმე ისეთი ტიპის ინფორმაციას არ ფლობს,  რომელიც შესაძლოა მას რამეში გამოადგეს.

კომიტეტის თავმჯდომარისთვის  ხიზრი ალდამოვის საქართველოს წასვლის რეალური მიზეზი უცნობია, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ეს რუსული სპეცსამსახურებისა და მათი ჩეჩნური წარმომადგენლობის მიერ მოწყობილი პროპაგანდისტული აქცია იყოს.

წიკლაურის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, ალდამოვი საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად აღარ მონაწილეობდა, ის არც ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავებაში იღებდა მონაწილეობას. „ბოლო სამი წლის განმავლობაში ის პირადად არც კი მინახავს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია ვიცნობ. თავისი განცხადებით მან პრაქტიკულად უარი თქვა თავის 25 წლის ცხოვრებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე. როდესაც ადამიანი თავის ცხოვრებაზე ასე ხელაღებით ამბობს უარს, რა თქმა უნდა, აქ  ეჭვი ჩნდება, რომ ეს არ არის მისი პიროვნული გადაწყვეტილება და სხვა მოტივაცია არსებობს. ამ მოტივაციას კი ფარდა ახადა მისმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ საქართველოში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, როდესაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღარ იქნება. ამ განცხადების შემდეგ ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ეს საქართველოს წინააღმდეგ რუსული სპეცსამსახურებისა და მათი ჩეჩნური წარმომადგენლობის მიერ მოწყობილი პროპაგანდისტული აქციაა. ამავდროულად არც იმას გამოვრიცხავ, რომ ადგილი ჰქონოდა მისი ახლობლების დანიშნების მცდელობას”, - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხიზრი ალდამოვმა რამზან კადიროვს და ჩეჩენ ხალხს პატიება სთხოვა და პირობა დადო, რომ ამიერიდან მხოლოდ მათი კეთილდღეობისათვის იზრუნებს.