ნატოს კვირეულის ფარგლებში პარლამენტში სტუდენტური დებატები დაიწყო
ნატოს კვირეულის ფარგლებში პარლამენტში სტუდენტური დებატები დაიწყო, რომელიც "YATA" - ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის კოორდინაციით ტარდება.
სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა დებატები გამართეს თემებზე: უნდა გახდეს თუ არა საქართველო ნატოს წევრი; შეიძლება თუ არა საქართველო შეუერთდეს ნატოს ოკუპირებული ტერიტორიების პირობებში; უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა საქართველომ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში და უნდა გასცდეს თუ არა ნატოს პასუხისმგებლობის ზონა ჩრდილო ატლანტიკურ სივრცეს.
აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით ახალგაზრდებმა საკუთარი არგუმენტები წარმოადგინეს. 16 მონაწილიდან ფინალში 8 წარმომადგენელი გადავა. საუკეთესო მონაწილეებს კი ჟიური სერტიფიკატებს და სპეციალურ პრიზებს გადასცემს.
ნატოს დღეები საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება. კვირეულის ორგანიზატორები არიან საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
ნატოს კვირეულის დახურვა 16 ივნისს თელავში გაიმართება.