ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 6 თვის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა სხდომების, ხოლო „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, ადმინისტრაციული საქმეებზე მონიტორინგის განხორციელების შედეგები წარმოადგინეს.
საიას თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, იკვეთება ტენდენციები, რომ ძალიან ხშირად სასამართლოს მიდგომები მიკერძოებულია.
„6 თვის განმავლობაში, ძალიან ბევრ საქმეზე მოხდა დაკვირვება და არასდროს მოსამართლე არ აკმაყოფილებდა დაცვის მხარის შუამდგომლობას, თუკი ამ შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა პროკურატურა. ეს ცხადად აჩვენებს ზედმეტ ლოიალობას პროკურატურის მიმართ“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, ყველაზე მთავრი პრობლემა დამოუკიდებლობის პრობლემაა.
„გამოკვეთა, რომ აღმკვეთ ღონისძიებად პირებს ყოველთვის ეფარდებათ ის ღონისძიებები, რომელსაც აყენებს პროკურატურა, რაც იმის მანიშნებელია, რომ მოსამართლეები დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს არ იღებენ, რაც ჩუგოშვილის შეფასებით, ძალიან ცუდი შედეგია“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, წარმომადგენელმა, ნინა ხატისკაცმა აღნიშნა, რომ მთლიანობაში კარგი სურათი იყო წარმოდგენილი, თუმცა იყო გამონაკლისებიც.
ხატისკაცი აცხადებს, რომ გამოიკვეთა ტენდენციები, როდესაც მოსამართლე ერთი მხარის პოზიციებს იჭერდა.
„გამოვლინდა მაღალი მაჩვენებელი სახელმწიფოს მიერ საქმეების მოგებისა, რაც მთლიანობაში 92,6% შეადგენდა. ეს შეშფოთების საგანს წარმოადგენს ჩვენთვის. ასეთი მაღალი მაჩვენებელი და მოსამართლის დაბალი ინიციატივა შესაძლოა, პრობლემად იქცეს შემდგომში, სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით“, - განაცხადა ხატისკაცმა.
საია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მონიტორინგის შედეგების მიხედვით მოამზადებენ რეკომენდაციებს და სასამართლოებს გადაუგზავნიან. ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, მონიტორინგი ყოველ ექვს თვეში ერთხელ ჩატარდება და შედეგებს საზოგადოებას ეტაპობრივად გააცნობენ.