პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე უარყოფს პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მას ბანკის თანამშრომლებთან შეხვედრისას საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაზე ჰქონდა საუბარი.
„არც ბანკის თანამშრომლები, არც დევნილები და არც სხვა ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებსაც ყოველდღიურად ვხვდებით კამპანიას არ აფინანსებენ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში დავით ბაქრაძემ.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, 12 ივნისს დავით ბაქრაძე და ნიკა გილაური სასტუმტო „ტიფლის თაუერში“ „ვი-თი-ბი ბანკისა“ და „ტაო პრივატ ბანკის“ თანამშრომლებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.
რაც შეეხება დახურული შეხვედრის გამართვას, დავით ბაქრაძის თქმით, შეხვედრა დახურული არ იყო და ის ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა იყო.
„არაფერი ამ შეხვედრებზე განსაკუთრებული რაც გარეთ არ ითქმევა არ არის. მე შემიძლია იგივე გავიმეორო და მოგიყვეთ თუ არ დაგეზარებათ ჩაწერა“, – მიმართა ჟურნალისტებს ბაქრაძემ.
რაც შეეხება დაფინანსების თემას, პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ბანკის თანამშრომლების გარდა გუშინ მას ასევე შეხვდრა ჰქონდა დევნილებთან და პედაგოგებთან.
„ზუსტად იგივე წარმატებით შეგიძლიათ თქვათ, რომ კამპანიას აფინანსებენ დევნილები ან პედაგოპგები, თუმცა, ეს რა თქმა უნდა, სწორი არ არის.
არც ბანკის თანამშრომლები, არც დევნილები და არც სხვა ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებსაც ყოველდღიურად ვხვდებით საარჩევნო კამპანიას არ აფინანსებენ. დაფინანსებას აქვს თავისი წესები და ეს წესები ბუნებრივია დაცული იქნება“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.