სახალხო დამცველის რეკომენდაცია მთავარ პროკურატურას

სახალხო დამცველის რეკომენდაცია მთავარ პროკურატურას

სახალხო დამცველი მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავას - რეკომენდაციით მიმართავს, სადაც მას სენაკის პოლიციის თანამშრომლების მიერ ზურაბ ლაბახუასთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებისკენ მიუწოდებს.

ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა დღეს სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც From.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის ,,გ“ თანახმად, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას დაიწყოს გამოძიება სენაკის პოლიციის თანამშრომლების მიერ ზურაბ ლაბახუას მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტთან დაკავშირებით და ასევე, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, რათა დადგინდეს ზურაბ ლაბახუას სხეულზე არსებული დაზიანებების  ხასიათი, ხარისხი და ხანდაზმულობა. 
  
2012 წლის 8 ივნისს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე ნონა ლაბახუამ. განცხადების თანახმად, მისი მეუღლე ზურაბ ლაბახუა სენაკის პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებისას სასტიკად ცემეს. 
11 ივნისს სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა და გაესაუბრა ბრალდებულ ზურაბ ლაბახუას. პატიმრის ინფორმაციით, იგი 3 ივნისს მიდიოდა სენაკში, ჭყონდიდელის ქუჩაზე, რა დროსაც შავებში ჩაცმული უცნობი მამაკაცი კისერში სწვდა, დაუწყო გინება, ცემა და თან უხმობდა სხვა პირებს. პატიმრისვე გადმოცემით, მასთან მივიდა კიდევ ოთხი პირი, წააქციეს და დაუწყეს ცემა. შემდეგ დაადეს ხელბორკილები, ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს სენაკის პოლიციაში. როგორც ბრალდებული აღნიშნავს, ქუჩაში ცემის ფაქტს მისი ოჯახის წევრები და მეზობლები შეესწრენ. მისი თქმით, პოლიციის თანამშრომლები პოლიციის შენობაში მიყვანამდე მანქანაშიც სცემდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. 
  
ლაბახუას გადმოცემით, დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნისას იგი რამდენჯერმე გახდა ცუდად, რის გამოც ოთხჯერ იქნა გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ხოლო 5 ივნისს, სენაკის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 
  
სენაკის დროებითი მოთავსების იზოლატორის დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმში აღნიშნულია, რომ  იზოლატორში მოთავსების მომენტში, 4 ივნისს, ზურაბ ლაბახუას მარჯვენა თვალბუდის არეში აღენიშნებოდა დაჟეჟილობა, მარცხენა თირკმლის და ორივე მუხლის არეში -  დაჟეჟილობა. მარცხენა კოჭის არეში - დაჟეჟილობა და შესიება. 
  
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N4 დაწესებულების მთავარი ექიმის მიერ 2012 წლის 6 ივნისს შედგენილი სამედიცინო ცნობის თანახმად,  ზურაბ ლაბახუას აღენიშნებოდა ორივე თვალბუდის არეში დაჟეჟილობა, ასევე  შუბლის წილის მარცხენა მხარეს - ნაკაწრი და ნაჭდევი. მარჯვენა ბეჭის არეში - ნაჭდევი. ორივე მტევნის სახსართან - ნაკაწრები დაფარული ფუფხით. ორივე დუნდულას ზედა კიდეებთან - დაჟეჟილობა. 
სახალხო დამცველის რწმუნებულის მიერ ლაბახუას მონახულებისას, 11 ივნისს, პატიმარს გარეგნული დათვალიერებით კვლავ აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანებები: ორი კოპი თავზე, საფეთქლებზე - ექსკორიაციები, მარცხენა მხარზე და ორივე თვალბუდეზე - მოყვითალო ფერის სისხლნაჟღენთი, ორივე მაჯაზე - ექსკორიაციები და სისხლნაჟღენთი, ორივე მუხლზე და თირკმლის არეში - სისხლნაჟღენთი, ორივე კოჭის არეში - დაჟეჟილობები და სისხლნაჟღენთები, მარჯვენა იდაყვზე - გრძივი ნაკაწრი, მარჯვენა ბეჭის მიდამოში - სისხლნაჟღენთი“, - ნათქვამია სახალხო დამცველის მიმართვაში.