პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა და იურისტმა ეკა ბესელიამ fom.ge (presage.tv) - ის პრესკლუბში სტუმრობისას, „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილებების შესახებ ისაუბრა.
ბესელიას განცხადებით, ივანიშვილის წინააღმდეგ, სასამართლო პროცესები პოლიტიკური ანგარიშსწორების მოტივით და ყოველგვარი პროცედურების დაცვის გარეშე იმართება.
ბესელიას თქმით, დღეს სააპელაციო სასამართლოში შედის საჩივარი, რომლითაც ორივე გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმების საკითხზე, რომელიც თბილისის სასამართლოს მიერ, გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება „ელიტა ბურჯის“ და „ბურჯის“ კომპანიებთან მომსახურეობისა და თანამშრომლობის თაობაზე გასაჩივრდება.
„ორივე გადაწყვეტილება აბსოლუტურად უკანონოდ და უსამართლოდ მიგვაჩნია. ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების აგნარიშსწორების სურვილზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებაა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართლიანობასა და კანონიერებასთან. ორივე გადაწყვეტილება ამ დღეებში სააპელაციო წესით განიხილება და გამოყენებული იქნება ყველა სამართლებრივი ბერკეტი იმისთვის, რომ ეს უკანონობა ზემდგომ ინსტანციებში მაინც გამოსწორდეს“, - განაცხადა ბესელიამ.
ბესელიას თქმით, თუ სასამართლოები ისევ გააგრძელებენ პოლიტიკურ ინსტრუმენტის როლში ყოფნას და ისევ განაგრძნობენ საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების დავალებების შესრულებას პირველ რიგში, დარტყმას ისევ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს მიაყენებენ, რომელიც დიდი ხანია ეჭვქვეშ დგას და ასევე ზიანი მიადგება თავად საქართველოს ინტერესებს, რადგან ბესელიას თქმით, ეს ის საქმეებია, რომელიც საერთაშორისო საზოგადოეობის ყურადღების ქვეშ ექცევა და რომელზედაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, უმწვავესი კრიტიკული შეფასებები იქნება.
ბესელიას განცხადებითვე, შპს. „მენეჯმენტ სერვისის“ დაჯარიმება ისეთივე აბსურდია, როგორც „ელიტა“ და „ელიტა ბურჯის“ კომპანიებთან დაკავშირებული საქმეები.
„როგორც იურისტი უბრალოდ, გაოგნებული ვარ, რასაც სასამართლო პროცესების დროს ვხედავ. მინიმალური სტანდარტიც კი, რომელიც უნდა ჰქონდეს მხარეს, ამ შემთხვევაში კონტროლის პალატას ვგულისხმობ, ეს მინიმალური სტანდარტებიც არაა დაცული. ყოველგვარი არგუმენტის და მტკიცებულებების გარეშე ხდება სასამართლეობიდან ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება“, -აცხადებს ბესელია.
ბესელია დარწმუნებულია, რომ კონტროლის პალატამ სასამართლოში მოთხოვნა 200, 300, 400, 500 მილიონზე, რომ შეიტანოს, ან შეიტანოს რაღაც ფარატინა ფურცელი, რომელზედაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმების სურვილი იქნება დაწერილი, სასამართლო ამას ყოველგვარი კრიტიკის გარეშე მიიღებს.
„ის რაც ხდება ბოლო დღეების განმავლობაში, მსგავსი სასამართლო პროცესები მე არ მინახავს“, - დასძინა ბესელიამ.