ლაზიკას უფლებამოსილებები ორგანულ კანონში ჩაიწერება

ლაზიკას უფლებამოსილებები ორგანულ კანონში ჩაიწერება

 ლაზიკას შესახებ ორგანული კანონი პარლამენტში შემოდგომაზე შევა. ამის შესახებ From.ge-ს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განუცხადა.

პარლამენტმა ლაზიკას შესახებ კონსტიტუციაში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო, სადაც აღინიშნა, რომ „ქალაქ ლაზიკას სტატუსი და უფლებამოსილებანი ორგანული კანონით განისაზღვრება“.

ორგანული კანონის მომზადებას და მიღებას კი პარლამენტი შემოდგომაზე გეგმავს.

პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ლაზიკა – ეს არის ახალი შესაძლებლობის ქალაქის შექმნის და ასევე რაც შეიძლება მეტი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობა.

„ლაზიკას სტატუსი ორგანული კანონით  უნდა განისაზღვროს რაც იმას ნიშნავს, რომ განსხვავებული მიდგომა უნდა იყოს საგადასახადო კუთხით, თვითმმართველობის კუთხით, კერძო სამართლებრივი რეგულირების კუთხით. ეს იმას ნიშნავს, რომ ლაზიკა, რომელიც გეოგრაფიულად  შეიძლება მიმზიდველი იყოს ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი უნდა გავხადოთ. დამატებითი წამახალისებელი ნორმები უნდა იყოს, რაც ბიზნესს საშუალებას მისცემს, რომ მარტივად შექმნას ახალი საწარმოები  და უფრო მეტი ადამიანი დაასაქმოს“, – აღნიშნა პავლე კუბლაშვილმა.