სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" დასკვნითი მოსმენა დღეს გაიმართება.
პროცესი დილიდან დაიწყება, სადაც ქართული მხარე საკუთარ არგუმენტებს წარადგენს და უკვე გამოკვლეული მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებებს შეაჯამებს.
საქართველოს მხრიდან პროცესს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, თინა ბურჯალიანი და საქართველოს წარმომადგენელი სტრასბურგში ლევან მესხორაძე დაესწრებიან.
"დღეს ჩვენ იმ მტკიცებულებების გათვალისწინებით, რაც უკვე წარვადგინეთ სასამართლოში, არგუმენტებს წარვადგენთ. დავა ბოლო 6 წელია მიმდინარეობს, შესაბამისად სასამართლოსთვის ძალიან ბევრი ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი. ბუნებრივია რთულია წინასწარ განსაზღვრო მოლოდინი, რადგან სასამართლო იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას და ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, რომ თავი მაქსიმალურად კარგად წარმოვაჩინოთ",- განაცხადა თინა ბურჯალიანმა.
საქმე ქართული მხარის მიერ სტრასბურგის სასამართლოში 2007 წლის 26 მარტს შეტანილ სარჩელს ეხება, რომლის თანახმადაც, ოფიციალური თბილისი, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქეთა მასობრივ დევნასა და დაპატიმრებებს აპროტესტებს. გარდა ამისა, საქართველო - რუსეთს ევროკონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს. ამის საფუძველზე კი ქართული მხარე რუსეთის დამნაშავედ ცნობასა და მატერიალურ-მორალური ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს.
თავის მხრივ, რუსული მხარე საქართველოს პრეტენზიებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ რეპრესიული ხასიათის ღონისძიებები არ განხორციელებულა.
სტრასბურგის სასამართლომ სარჩელი წარმოებაში 2009 წელს მიიღო, 2011 წლიდან კი საქმის განხილვას შეუდგა.