პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი და კოალიციის წევრი, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ირაკლი ალასანია ოდიშის შემდეგ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორულუში ჩავიდნენ. შეხვედრას რიგითი მოქალაქეების გარდა „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილისთვის ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას ხელის შეშლა სცადეს. ადგილობრივები „ქართული ოცნების“ ლიდერს, სხვადასხვა სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის მისეულ ხედვაზე შეკითხვებს უსვამდნენ.
ორულუს მაცხოვრებლების თქმით, სამეგრელოს რეგიონში ვინც დაფასებას იმსახურებს ის ადამიანი დაფასებული არაა, შუქი არის, მაგრამ მაღალი ტარიფის გამო, მათთვის ხელმიუწვდომელია. „ქართული ოცნების“ ლიდერმა მათ დახმარება აღუთქვა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ქვეყანაში სამართლიანობას აღადგენს.
ამასობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრებმა თავიანთ მხარდამჭერებთან ერთად, მიშა მიშა -ს სკანდირება დაიწყეს. „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა კი, თავის მხარდამჭერებს მოუწოდა, მათ არ გაჯიბრებოდნენ.
„არ გაეჯიბროთ, ყველაზე საინტერესო ისაა, რაც ხდება, ესაა სააკაშვილის დემოკრატია და ესაა სირცხვილი“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, მისი სამეგრელოში ვიზიტი მოულოდნელი არ ყოფილა და რომ მთელი საქართველოს რეგიონების მონახულებას უახლოეს თვეებში აპირებს.
„მე ყველა სოფელში უნდა ჩავიდე და საქართველოს ყველა კუთხე და კუნჭული უნდა ვნახო. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით. ის კი, რაც ხდება ეს სააკაშვილის დემოკრატიაა, იმას ახერხებს, რომ ხალხი ერთმანეთს დააპირისპიროს და ამას მე განსხვავებულ აზრს ვერ ვუწოდებ. ნეტამც იყოს და საქართველოში განსხვავებულ აზრს გამოხატვის საშუალება მიეცეს. ეს იმის შედეგია, რომ განსხვავებული აზრი არ უნდათ“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, სამეგრელოში „ქართული ოცნების“ დიდი აქცია მოეწყობა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ ივნისის ბოლომდე ყველა მაჟორიტარის ვინაობა იქნება ცნობილი.
რაც შეეხება, ჟურნალისტის შეკითხვას იქნება თუ არა სამეგრელოში მაჟორიტარად ირაკლი ალასანია ივანიშვილის თქმით, ირაკლი მთელი სამეგრელოს რეგიონის კურატორია, ხოლო იქნება თუ არა ირაკლი მაჟორიტარი, ამაზე კოალიცია ფიქრობს.
„თუ ამის აუცილებლობა იქნება, იქნება, თუ არა და არა“, - განაცხადა ივანიშვილმა.
შეხვედრის ბოლოს, ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა მოსახლეობას შეხვედრისთვის და განაცხადა, რომ შემოდგომამდე სამეგრელოს გაცნობას გააგრძელებს.