პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა სამეგრელოში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა. ბიძინა ივანიშვილი ოდიშის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებმა „ქართული ოცნების“ ლიდერს პრობლემები, ხოლო „ქართული ოცნების“ ლიდერმა მოსახლეობას თავისი პროგრამა მოკლედ გააცნო.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აუცილებლად მოვა და ყველა ქართველს, საქართველოს ყველა მოსახლეს საკუთარი შრომის რეალიზება პროფესიის მიხედვით შეეძლება.
„უნდა მოვახერხოთ და საქართველოს ყველა მოქალაქე დავასაქმოთ. ამისთვის ჩვენ გაწერილი გვაქვს გეგმა. პირველ რიგში, ქვეყანაში სამართლიანობა უნდა აღსდგეს ეს ტოტალური უსამართლობა ის, რომ ყველა მოქალაქე დათრგუნულია და ხვალინდელი დღის იმედი არ აქვს უნდა გამოსწორდეს. დღეს ციხეში უამრავი უკანონო პატიმარია. ესაა უბედურება. სამართლიანობის განცდა უნდა აღდგეს, პოლიცია ხალხის სამსახურში უნდა ჩადგეს, მედია საშუალებებმა ხალხის პრობლემა უნდა წარმოაჩინონ და ჩვენ ძალიან სწრაფად შევქმნით პირობებს, რომ რეალურად, საქართველოს საინვესტიციო გარემო საინტერესო იყოს. უამრავი მცირე და საშუალო საწარმო გაიხსნება საქართველოში. სოფლის მეურნეობაში ჩვენ ძალიან სერიოზული პროექტი გაგვაჩნია, რომელიც განხორციელდება. აუცილებლად დაბრუნდებიან საქართველოში შეძლებული ქართველები და ის ქართველებიც, რომლებიც შრომის გასაყიდად, საკუთარი თავის გადასარჩენად გადაიხვეწნენ ქვეყნიდან. პირობას გაძლევთ, რამდენიმე წელიწადში საქართველოში ინვესტიციას ევროპელებიც და ამერიკელებიც ჩადებენ“, - მიმართა ბიძინა ივანიშვილმა შეკრებილ მოსახლეობას.
ერთ-ერთი მაცხოვრებლის შეკითხვას, თუ „რა იმედს იძლევა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს გამთლიანებაზე“ ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს ყველაზე რთული საქმეა, რაც „ქართულ ოცნებას“ გასაკეთებელი ელოდება.
„ეს არ იქნება იოლი. ძალიან კარგად ვიცი, როგორ უნდა ავაგოთ ეკონომიკა, როგორ უნდა ავაშენოთ საინტერესო სახელმწიფო, მაგრამ ძალიან მემძიმება თქვენს კითხვაზე ასეთივე საღი და ლაღი პასუხი გაგცეთ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იოლი და სწრაფი საქმე არ იქნება. მე, ასე მესახება, რომ ჩვენ რუსეთთან ძალიან რთული მოლაპარაკებები გველის, მაგრამ დავიწყებთ და უნდა მოვახერხოთ ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობები ავაგოთ. ჩვენ უნდა ვიაზროვნოთ, კარგი ანალიზით დავიბრუნებთ ჩვენს ქვეყანას და არა ძალადობით“, - განაცხადა ივანიშვილმა.
შეხვედრის დასასრულს მან მოსახლეობას პირობა მისცა, რომ „ქართული ოცნება“ მოსახლეობის მხარდაჭერით ხელისუფლებაში აუცილებლად მოვა.
„ჩვენ გპირდებით, რომ თქვენ დაგიბრუნებთ ღირსეულ სამშობლოს, თქვენ დაიბრუნებთ თქვენს ღირსებას“, - განაცხადა ივანიშვილმა.