„ქვეყანა, რომელიც ყველაზე დიდ წილს იღებს შეიარაღებულ ტერორისტებთან ბრძოლის კამპანიაში ავღანეთში, ნატოს წარმომადგენლისგან კომპლიმენტის ღირსია. მითუმეტეს, როცა ამ დროს, ნატოს არანაირი ვალდებულება არ იზრდება ქვეყნის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, - ასე აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის საქართველოში ვიზიტს და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
ცისკარიშვილის განცხადებით, ეს მორიგი ჩინოვნიკური კასტინგი იყო, რომლითაც აპატურაიმ შეახსენა ნატოს წევრობის მსურველ ქვეყნებს, რომ ალიანსის გაფართოების კუთხით შედეგი იქნება ის, რაც 2006 წლიდან, ანუ ნატოს რიგის სამიტიდან მოყოლებული დგას.
„ამ სამიტზე ნატომ საქართველოსგან დოკუმენტის საფუძველზე მოითხოვა დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესება და სასამართლოს ზეწოლისგან გათავისუფლება. ვინაიდან, ბოლო წლებში, ამ საკითხებში პროგრესი არაა და ხელისუფლების ლიტონ სიტყვებს, თითქოს რეფორმა უკვე შედგა ნატოში არავინ იჯერებს, ნატოსკენ ჩვენი ქვეყნის სვლა აღიწერება ფორმულით, ადგილზე ნაბიჯით იარ!
ასეთ ვითარებაში, ნატოს რომელიც წარმომადგენელიც არ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, ჩვენი ქვეყნის მიმართ კეთილგანწყობილი იქნება, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რეალურად გაწევრიანდეს ნატოში, გამომდინარე დემოკრატიის დღევანდელი უვარგისი ხარისხიდან არაფერს მოიმოქმედებენ“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
აპატურაის მიერ, იმის ხაზგასმა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის მომავალი არჩევნები, ცისკარიშვილის განცხადებით, მიანიშნებს მხოლოდ ერთზე, რომ თემა არჩევნებისა და ზოგადად, დემოკრატიისა საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
„არჩევნებისა და ზოგადად, დემოკრატიის თემა საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ იმისთვის, რომ რეალურად, საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეულ, თანასწორუფლებიან წევრად იყოს აღიარებული. სხვა შემთხვევაში, გვექნება კვლავ ყალბი დემოკრატია და ჩამომსვლელების მომღიმარი საახეები და არა წინსვლა რაიმე ორგანიზაციული თუ სამართლებრივი მიმართულებით“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.