„ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდა პრეზიდენტის არ შეეშინდეთ და მინიმალური პენსიის სარსებო მინიმუმამდე, ანუ 170 ლარამდე გაზრდას მხარი დაუჭირონ.
ეს განცხადება ბაღათურიამ დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან გააკეთა, სადაც „ქართული დასის“ მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმის საკითხი განიხილებოდა.
რიგგარეშე სხდომაზე, ბაღათურიამ პროექტორის საშუალებით საკუთარი კანონპროექტი ვიზუალურად წარმოადგინა, სადაც გამოსახული იყო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში პენსიის ოდენობა და „ქარული დასის“ გამარჯვების შემთხვევაში თითქმის ორჯერ გაზრდილი პენსიის ოდენობა.
„თუ თქვენ მხარს არ დაუჭერთ პენსიის გაზრდას, მაშინ ეს კანონპროექტი „ქართული დასის“ საარჩევნო პროგრამაში შევა და პირველი რასაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჩვენი პარტია გააკეთებს, ამ კანონპროექტის მიღება იქნება“, – მიმართა ბაღათურიამ მმართველ პარტიას.
„ქართული დასის“ ლიდერმა უმრავლესობას მოუწოდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ეშინოდეთ.
„სანამ გვიან არ არის დაფიქრდით, ვის წინააღმდეგ შეიძლება წახვიდეთ. გაიხსენეთ, რამდენი გაქვთ დეპუტატებს შემოსავალი, როგორი კაბინეტები გაქვთ და რა დღეშია ხალხი, რომლებიც ნაგავში იქექებიან“, – აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ.